როგორ დაიწყო კარიერა, რომელი დარგია მისთვის ყველაზე საინტერესო, რამდენად მარტივად იღებს რთულ გადაწყვეტილებებს, რას ნიშნავს გუნდური მუშაობის პრინციპი მმართველ გუნდში და როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა წლების შემდეგ - ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გიორგი აბაშიშვილის ინტერვიუს გთავაზობთ.
ჩემი კარიერა დაიწყო სტუდენტობის პერიოდში. პარალელურად მომიწია საჯარო სამსახურში მუშაობა. დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან - ეს იყო წამყვანი სპეციალისტის პოზიცია, როდესაც 90-იან წლებში დაზღვევის სფეროში ვმუშაობდი. სტუდენტობის შემდეგ მომიწია საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობა. ამ პერიოდში იყო მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროექტი, სადაც რამდენიმე უცხოური საკონსულტაციო კომპანია ქართული საწარმოების რესტრუქტურიზაციაზე, გაუმჯობესებასა და მოდერნიზაციაზე მუშაობდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ გარდამავალი ეკონომიკის ფაზა ჰქონდა, ერთი ფორმაციიდან საბჭოთა საწარმოების თანამედროვე რელსებზე გადაყვანის მცდელობები იყო. ბევრმა საწარმომ ეს ვერ მოახერხა. ამ პერიოდში კერძო სექტორში მომიწია მუშაობა.
შემდგომ ისე მოხდა, რომ უცხოეთში განვაგრძე განათლების მიღება და გარკვეული პერიოდი მომიწია საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, წლების განმავლობაში ღვინის სექტორში ვმუშაობდი. ვფიქრობ, ბევრი კარგი კეთდებოდა, ღვინის ინდუსტრია იწყებდა განვითარებას. ზუსტად
დაემთხვა 2006 წლის რუსეთის ემბარგო. მანამდე დარგი დინამიკურად ვითარდებოდა. 2006 წელს მთავარი ბაზარი დაიკეტა და გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბაზრების დივერსიფიკაცია და რამდენად რთული იყო ერთ ბაზარზე დამოკიდებულება. მაშინ ქართული ღვინის 90% ერთ ბაზარზე იყიდებოდა. ინდუსტრიაც სუსტი იყო და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
ამის შემდეგ მომიწია საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობა განვითარების პროგრამებზე სოფლის მეურნეობისა თუ სხვადასხვა მიმართულებით, ასევე საერთაშორისო კომპანიებში უცხოეთში, სხვადასხვა დარგში და ვფიქრობ, ეს იყო უფრო ფართო გამოცდილება, ვიდრე საჯარო სამსახურში დავბრუნდებოდი. 2012 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დავინიშნე. ორი წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ - ღვინის სფეროს ვკურირებდი და ეს დარგი ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. 2016 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი გავხდი. ამავე წელს მოხდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანება.
პროცესი საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით იყო სავსე, რასაც, გარკვეულწილად, თავი გავართვით. ჩამოყალიბდა მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც საკმაოდ ადეკვატურად პასუხობდა გარემოს დაცვის საკითხებს. ვფიქრობ, მოდელმა გაამართლა, თუმცა არ იყო მარტივი. რთული პროცესია და წინააღმდეგობები დღესაც რჩება ამ ორ მიმართულებას შორის, მაგრამ არის ბევრი გადაკვეთის წერტილი და აქ, რა თქმა უნდა, სინერგიის ეფექტის გამოყენება ორივე დარგისთვის მნიშვნელოვანია.
2022 წლიდან გახლავართ ეკონომიკის მინისტრი.
თავისი სირთულის დოზა აქვს ყველა საჯარო პოზიციას. რა თქმა უნდა, მინისტრობა ზოგადად არ არის მარტივი, რადგან ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებს მოიცავს. ეკონომიკის მინისტრობაც საკმაოდ რთულია, თუმცა ვფიქრობ, იმდენად საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა, რომ ეს ინტერესი და პასუხისმგებლობა ამ ყველაფერს აბალანსებს. საქართველოში ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელია არა მხოლოდ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ზოგად პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე, არამედ აერთიანებს ძალიან ბევრ დარგობრივ სამინისტროს, რომლებიც, თავის დროზე, ცალ-ცალკე არსებობდნენ. ეს არის ტრანსპორტის, ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ძალიან ბევრი სხვა მიმართულება. გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობა საინტერესოა, რადგან ბევრი სხვადასხვა მიმართულების გაცნობა გიწევს და გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები და ერთიანობა, ხშირ შემთხვევაში, შეგვიძლია პოზიტიური კუთხით გამოვიყენოთ.
ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი ძლიერი სამინისტრო ამ მიმართულებებს აერთიანებს ერთი ქოლგის ქვეშ, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მაღალი ხარისხი ალბათ გადამწყვეტი და მთავარი უპირატესობაა.
რთული გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადი საკითხები სირთულითა და კომპლექსურობით გამოირჩევა. ამიტომ მნიშვნელობითა და კომპლექსურობით გამორჩეულ გადაწყვეტილებებს შევეხები.
ვფიქრობ, ეს არის სამი ძირითადი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც გადაწყვეტილებები მიღებულია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ანალიზისა და მოსაზრების გათვალისწინება მოგვიწია, ვიდრე საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებდით.
ასეა ნამდვილად. ცალსახად მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი პლატფორმა ყოველთვის ასეთი იყო - ვგულისხმობ მმართველი გუნდის პლატფორმას, სადაც სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად აღვიქვამთ.
ჩვენ რამდენიმე მიმართულებას შევეხეთ, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგები და სტრატეგიული პროექტებია, სადაც სახელმწიფოს წამყვანი როლის არსებობა მნიშვნელოვანია და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო პროგნოზირებადს ხდის ამ სფეროების განვითარებას, უფრო კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის, უფრო მდგრადი იქნება და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადი ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას
ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რომელი იქნება ის რთული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მოგვიწევს. მაგრამ ჩვენ არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც პრინციპული იყო ჩვენთვის. მათ შორის ეს ეხება პრივატიზების საკითხებს. როცა შეუსრულებელი ვალდებულებებია ხოლმე კერძო ინვესტორების მხრიდან და აქ პრინციპული პოზიციაა მისაღები, როდესაც სახელმწიფომ ხელშეკრულებები უნდა აღასრულოს, გამოითხოვოს ქონება. საკუთრების საკითხებთან გვაქვს შეხება. ხშირ შემთხვევაში იურიდიული საკითხებია და არის სამართლებრივი დავების რისკები. ეს ეხება ლიცენზიებს და აქაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივი რესურსების განაწილება არც თუ ისე პასუხისმგებლიანად მოხდა და სადაც ვერ ვხედავთ ეკონომიკურ აქტივობას, იქ პრინციპული გადაწყვეტილებებია მისაღები. ასეთი აღსრულების გადაწყვეტილებები არ არის მარტივი, რთულია, მაგრამ მისაღებია - მივიღეთ და მივიღებთ პროცესში.
ჩვენი სურვილია, ძირითადი ღირებული აქტივები ან ბუნებრივი რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად იყოს ეკონომიკურ აქტივობაში გამოყენებული.
თქვენ ალბათ შეეხეთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, რაც ქვეყანაში გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეა შექმნილი. ძალიან ბევრი კამათია საზოგადოებაში. ჩვენ გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მჭიდრო კავშირშია ეკონომიკასთან და ამ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
ხშირ შემთხვევაში მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძირითადი მოტივატორი არის ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ამოცანები და ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონისა და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკასთან, ასევე ეკონომიკურ პროცესებთან.
აქედან გამომდინარე, არ არის ხოლმე მარტივი, როდესაც ამ ვითარებაში სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით, რომლის სიღრმეებიც საკმაოდ დიდია და აქ ძალიან მკაფიო ზღვრები რთულად გასავლებია. ჩვენ ვცადეთ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მიდგომა გვქონოდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს არ დააზიანებს და ამავე დროს, ვიქნებოდით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრები.
არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ გვინდა მეტი ეკონომიკური შედეგი, მეტი წინსვლა, მეტი განვითარება - საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა ინტეგრირებული გლობალურთან და მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონის ეკონომიკასთან, ამიტომ ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ მგრძნობიარეა ხოლმე.
ვფიქრობ, რომ დაბალანსებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკით შევძელით, რომ ომის დაწყებიდან და რთული გეოპოლიტიკური ვითარების შექმნიდან დღემდე საქართველო წარმატებით ახორციელებს ამ გადაწყვეტილებებსაც და, ზოგადად, ეკონომიკურ პოლიტიკას.
ასევე არ იყო მარტივი ფონი პანდემიიდან გამომდინარე.
მთავრობაში გვქონდა საკმაოდ ბევრი კამათი. მათ შორის იმიტომ, რომ მზა რეცეპტები არ არის და არავინ იცოდა, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის თამამი, გაბედული ნაბიჯებით შევძელით საქართველოს ეკონომიკაში შთამბეჭდავი შედეგების ჩვენება.
ყველაზე ობიექტურია სტატისტიკური მონაცემები, რის გარშემოც შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ხშირ შემთხვევაში მოვითმინოთ. მინისტრებს ეს თმენის ვალდებულება გააჩნიათ და ალბათ არ არის მარტივი არავისთვის - ადამიანები ვართ და ემოციურად საკმაოდ მძიმეა ჩემთვისაც. შესაძლოა, არ გამოვხატოთ, მაგრამ ჩვენთვისაც ძალიან ემოციურია, როდესაც უსამართლო, არაობიექტურ შეფასებებს ვისმენთ, ასევე არაკვალიფიციურს. ხანდახან დამღლელია... იმიტომ რომ რთულია, როდესაც ობიექტური ინფორმაცია ასე ცალსახად ჩანს და ხდება არაობიექტური და არაკვალიფიციური ინტერპრეტაციები. ეკონომიკას თან ახლავს პოლიტიკაში ეკონომიკური საკითხების შეფასება.
ნებისმიერი საზოგადოების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური განათლება, რომელიც წამყვანი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა სხვანაირი იყო. ეკონომიკა არასოდეს არ იყო ზოგადი განათლების ნაწილი -იყო მხოლოდ ეკონომისტებისთვის, რომელთათვისაც ეს პროფესიას წარმოადგენს. ხშირად ვისმენთ არაკვალიფიციურ შეფასებებსა და მოსაზრებებს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე.
სამინისტროდან კომუნიკაცია აქტიურია. მადლობა, რომ არსებობთ და არსებობს ბიზნესსა თუ ეკონომიკასთან დაკავშირებული მედია, საკომუნიკაციო არხები, რომელიც არა მხოლოდ ცალსახად მთავრობის ერთ პოზიციას აჩვენებს, არამედ შეგვიძლია მოვისმინოთ ექსპერტული მოსაზრებები საკომუნიკაციო არხებიდან და ზოგადად, საზოგადოებასთან ინფორმაციის მიტანის საშუალება გვეძლევა.
ანალიტიკა მაინც მნიშვნელოვანია და ეკონომიკური და ფინანსური განათლების დეფიციტი არის, მაგრამ კარგია, რომ სკოლებშიც ისწავლება ეკონომიკის საგანი, ეს კარგი ტენდენციაა... ჩემი შვილებისგან ვიცი და ძალიან მომწონს, რომ დამამთავრებელ კლასებში ასეთი საგნები ჩნდება.
სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ კვალიფიციურ დისკუსიაში შევიდეთ და ძირითადად გვიწევს არაკვალიფიციურ მოსაზრებებზე კომენტარის გაკეთება. რთული გასაგებია, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაში პროგრესზე, ეკონომიკურ მიღწევებზე და საქართველოში საკმაოდ მაღალია სიღარიბის დონე, ბევრია გამოწვევა. ამ დროს საკმაოდ რთულია მოსახლეობას ელაპარაკო პროგრესზე, შედეგებზე, მიღწევებზე, როდესაც ადამიანებს, უბრალოდ უჭირთ. ამ შემთხვევაში ობიექტური დისკუსია საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ეკონომიური პროფილის სამინისტროებისთვის.
მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდურობა, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ. ბევრი რამის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ გადაწყვეტილება იყოს უკეთესი და მისი აღსრულება უფრო შედეგიანი იყოს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებლობა. ეს მიიღწევა მხოლოდ გუნდური მუშაობითა და ადამიანების ჩართულობით. ვფიქრობ, ასევე გუნდურობა მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ ბევრი მონაწილე მხარე იყოს ჩართული, რათა მაქსიმალურად კვალიფიციური იყოს გადაწყვეტილებები, 1000-ჯერ დავტესტოთ ესა თუ ის მოსაზრება და შემდგომ ვაქციოთ პოლიტიკური გადაწყვეტილების პროდუქტად, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უწყებათა შორის კოორდინაცია. უშუალო კომუნიკაცია, სადაც ფორმალობის გარეშეც შეგვიძლია ჩავრთოთ ბევრი მონაწილე მხარე - ეს იქნება კერძო სექტორი, პარლამენტის, თუ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მხოლოდ დიალოგის პროცესში შეგვიძლია საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ, ასევე ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების ნაწილი არიან და მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის იდეალურად არ გამოდის... არ ვამბობ, რომ ეს ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში ყველა მონაწილე მხარე იყოს ჩართული.
თუმცა გადაწყვეტილებები იმდენად ხშირად და სწრაფადაა მისაღები, ხშირ შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვიწევს და ყოველთვის არაა ეს დიალოგი, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და რეფორმების დროს ეს პროცესი აუცილებელია.
ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმები გვაქვს. მე ნამდვილად მჯერა იმ გეგმების შესრულების, რომლებიც დავისახეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ხედვა 2030“ ჩამოყალიბდა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, თუმცა ეს ხედვა არ არის მხოლოდ ეკონომიკით ლიმიტირებული - აქ არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოებასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
მათ შორის არის უსაფრთხოების, სოციალური და სხვადასხვა საკითხები, მაგრამ ეკონომიკური კუთხითაც საკმაოდ მკაფიო გეგმები გვაქვს, რაც გულისხმობს ეკონომიკურ ზრდას და იმას, თუ სექტორული მიმართულებით შემდეგი 10 წლის განმავლობაში რა ტიპის ამოცანები უნდა შევასრულოთ. ამასთან, იქ არის დაკომპლექტებული 5 წლიანი საშუალოვადიანი გეგმებიც. ვხედავ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც სწრაფად იზრდება.
მათ შორის ასეთია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასება, რომ, სულ მცირე, 5%-ით უნდა იზრდებოდეს საქართველოს ეკონომიკა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური შიდა პროდუქტი უკვე $10 000-ზე მეტი უნდა იყოს და საქართველო ამ შემთხვევაში უკვე ხდება სრულფასოვანი წევრი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ცხოვრების შედარებით მაღალი სტანდარტი გააჩნიათ და ძირითადი გამოწვევები სიღარიბესთან და დასაქმებასთან დაკავშირებით დაძლეულია.
ეს ნამდვილად მიღწევადია შემდეგი 5 წლის პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს უფრო წარმატებული ქვეყანა, მეტი კეთილდღეობა, მაგრამ არის მინიმალური ამოცანა, რომ ქვეყანაში დავძლიოთ სიღარიბე, გვქონდეს ცხოვრების უკეთესი სტანდარტი. ეს მიიღწევა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ფონზე. ჩვენ ცალსახად შევინარჩუნებთ ეკონომიკის ზრდის ამ ტემპს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანები დავძლიოთ და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ახალი წევრები არიან და ჩვენთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამას ევროკავშირის წევრობით მივაღწიოთ, მაგრამ, პარალელურად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება