დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გენერაციის სიმძლავრეების განვითარების დაჩქარება გადამწყვეტია მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო შესაძლებლობების გამოსაყენებლად - მაია მელიქიძე

გენერაციის სიმძლავრეების განვითარების დაჩქარება გადამწყვეტია მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო შესაძლებლობების გამოსაყენებლად - მაია მელიქიძე

12-08-2024 12:00:00

განახლებადი ენერგეტიკის სექტორს ვაფასებთ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ დარგად ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის  (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა.  მაია მელიქიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორმა აშკარა წინსვლა განიცადა, თუმცა მისვე თქმით, გადამცემი ქსელების მიმართულებით ინვესტიციების გარდა, აუცილებელია გენერაციის მხრივ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესის ხელშეწყობა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

 „ამ პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა განახლებადი ენერგიის მეორე (CFD) აუქციონის წარმატებით განხორციელება იყო.

კონკურენტუნარიანობის, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებულმა ამ აუქციონმა ინვესტორების მხრიდან დიდი ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია, გამოვლინდა 63 გამარჯვებული პროექტი. ჩართულობის ასეთი მაღალი დონე ნათლად ასახავს სექტორის მიმზიდველობას და ინვესტორების მზარდ ინტერესს. ამ ფონზე ვისურვებდით უფრო მეტ წამახალისებელ მექანიზმსა და ნაკლებ ბიუროკრატიას, რაც პროექტების განხორციელების პროცესს საკმაოდ აფერხებს.

ზოგადად, სექტორს ვაფასებთ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ სექტორს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ბოლო პერიოდში ძირითადი ინვესტიციები გადამცემი ქსელების მიმართულებით განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის და ენერგიის განაწილების ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. მაგრამ აუცილებელია გენერაციის მხრივ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესის ხელშეწყობა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. სერიოზული გამოწვევა და ამასთან სექტორისთვის შესაძლებლობაა ის, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სწრაფ ზრდასა და წარმოების შენელებულ ტემპს შორის მკვეთრი შეუსაბამობაა. გენერაციის სიმძლავრეების განვითარების დაჩქარება გადამწყვეტია მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

სექტორისთვის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ენერგეტიკული ბირჟის გახსნა იყო, რაც კერძო სექტორისთვის საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობაა. მიგვაჩნია, რომ ბირჟის ეტაპობრივად გახსნა სწორი სტრატეგია იყო. ჩვენი მხრიდან თეორიულად სრულად არის შესწავლილი საკითხი, რისკების თავიდან ასაცილებლად კი ნებაყოფლობითი მონაწილეობა და უბალანსობის სისტემის გათვალისწინება ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იყო. 23 ივლისს პირველი გარიგება შედგა და ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე გამჭვირვალედ, ობიექტურად ჩამოყალიბდა. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მონაწილეს და მეტ გარიგებას ველით ბირჟაზე“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები