გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი, გასტრონომიული მრჩეველი ქეთი კვაჭაძე რესტორნების ნაწილს მოუწოდებს, დახვეწონ მენიუ და ქართული ავთენტური კერძები გააცოცხლონ. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი განსაკუთრებით რესტორნის საუზმის მენიუს მიმართ არის კრიტიკული და აცხადებს, რომ ბიუჯეტიანი ტურისტის მოსაზიდად მნიშვნელოვანია უფრო ხარისხიანი სერვისი დაიდოს.
,,გასტრონომიული ტურიზმი არ არის მხოლოდ რესტორანი და ჭამა, მან კულტურული დატვირთვა შეიძინა და საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდა. განსაკუთრებით საუზმის პრობლემა უნდა გამოიყოს, რაც უმეტესად მასიურად იკვეთება. არის რესტორნები, სადაც ეს საკითხი მაღალ დონეზეა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საუზმე ერთფეროვანი და მოსაწყენია. ხშირად მესმის, რომ არ გვაქვს ქართული საუზმე, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, მენიუ უნდა შედგეს, გვაქვს ისეთი კერძები, რითაც შეიძლება ვიამაყოთ. როცა ტურისტი ჩამოდის და ვთავაზობთ საუზმეს, არჩევანი ნამდვილად მწირია", - ამბობს ქეთი კვიჭიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია განახლდეს რეგიონების ტრადიციული საუზმე და ჩართონ რესტორნის მენიუში.
„ჩვენ ძალიან კარგი ქართული კერძები გვაქვს, მაგალითად, როგორიცაა შანთრაქი, ჩირბული, საუზმეზე სუთლი, თვითონ რეგიონებში ბიჭის ფაფა, გოგოს ფაფა (ასეთი სახელწოდებებია). შეგვიძლია რეგიონული სამზარეულოდან მოვიძიოთ და ჩავრთოთ. მესხური კერძები, ბევრი ისეთია, რომელიც შეიძლება საუზმეზე პოპულარული იყოს და ეს გავხადოთ ყოველდღიური მენიუს ნაწილი, ვიდრე ვთქვათ, სხვას მივბაძოთ.
უნიკალურია აგრეთვე ღვინო და პური, გვაქვს არაჩვეულებრივი ქადა და სხვა. ერთ-ერთ რესტორანს შევუდგინეთ მენიუ და ჩავრთეთ ნიგვზიანი ქადა, რომელიც საკმაოდ კარგი პროდუქტია საუზმეზე. თუ გვინდა ბიუჯეტიანი ტურისტი მივიზიდოთ, სერვისიც უფრო ხარისხიანი დავდოთ", - აცხადებს ქეთი კვიჭიძე Business Insider Georgia- თან.
გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი კადრებზეც საუბრობს და დასძენს, რომ დღეს სექტორში ყველა პირობაა შექმნილი, რომ მზარეულის პოზიცია მისაღები და საინტერესო გახდეს.
„ბოლო წლების განმავლობაში კადრები მუდმივად იხვეწება. დარეგულირდა ეს სფერო, არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. 40-საათიანი გრაფიკი დაწესდა, გაზრდილია ხელფასები, რაც რესტორნის სერვისებზეც ადეკვატურად უნდა აისახოს. ნელ-ნელა უნდა გადამზადდეს კადრი და მხარი ავუბათ, გასტრონომია მაღალ დონეზე განვითარდეს ქვეყანაში", - აცხადებს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი