„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის” (GRAIL) ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია განხორციელდება; შედეგად, საპროექტო ტერიტორიებზე გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე მომსახურება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რაოდენობა, დამატებით, 27 ათას ჰექტარამდე გაიზრდება; ეროვნულ დონეზე გაძლიერდება ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
პროექტის მიზანია, სრულად შეცვალოს და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოდერნიზება გაუკეთოს სამელიორაციო სისტემების მართვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს როგორც საექსპლუატაციო, ისე ბუნებრივი რესურსის ხარჯს. მართვის თანამედროვე სისტემა გულისხმობს მთელი რიგი ტექნოლოგიური და პროგრამული ნოვაციების დანერგვას.
პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან.
როგორც საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება და 6 წელს გასტანს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.
უახლესი