ამინდის დადგომასთან ერთად, ნაყინზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, რეალიზაციაში დინამიკა გაუმჯობესდა. „თოლიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ლომთაძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ ივნისში, მაისთან შედარებით გაყიდვის მაჩვენებელი 30%-ით არის გაზრდილი.
მოთხოვნა წლიურ ჭრილშიც გაზრდილია. ცვლილება ამ მხრივ 8%-ს შეადგენს. „სეზონი დასაწყისში უამინდობამ მცირე პრობლემა შექმნა, თუმცა ივნისში მდგომარეობა გამოსწორდა, რაც გაყიდვებს დაეტყო. მაისთან შედარებით, მოთხოვნამ 30%-ით მოიმატა.
ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ზრდა გვაქვს და ეს მონაცემი სეზონის განმავლობაში კიდევ შეიცვლება. მით უმეტეს, დაგეგმილია გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა, რომელიც ძალიან მალე დაგვემატება. მოთხოვნა თითქმის ყველა დასახელების ნაყინზეა, თუმცა ,,ინდიგო" ჯერჯერობით ლიდერ პოზიციაზეა, - ამბობს სანდრო ლომთაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე „თოლიას“ ქსელში 250-მდე ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 28 სანაყინე აქვს.
უახლესი