ქართული ბიზნესი, ტრადიციულად, ფინანსური რესურსების მოსაზიდად საბანკო სესხებს ეყრდნობა. თუმცა, განვითარებული კაპიტალის ბაზრები მათთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს ქმნის, როგორიცაა აქციები და ობლიგაციები, რაც შესაძლებელს ხდის უფრო მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელებასა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო კაპიტალის ინექციას, რაც ხელს უწყობს მთლიანი ეკონომიკის ზრდას, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის „კაპიტალის ბაზრების მიმოხილვაშია“ ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, განვითარებული კაპიტალის ბაზარი უზრუნველყოფს ფინანსურ მოქნილობას დივერსიფიკაციის გზით, პოტენციურად ამცირებს ხარჯებს და სთავაზობს მრავალფეროვან ვადიანობის სტრუქტურებს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს და ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, განვითარებული კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს კაპიტალის ეფექტიან გადანაწილებას, ასტიმულირებს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას და აძლიერებს ნდობასა და გამჭვირვალობას ემიტენტების მიმართ. კაპიტალის ბაზრები ინდივიდებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ პირდაპირი ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს ინკლუზიურობასა და სიმდიდრის დაგროვების პროცესის გამარტივებას.
აქტივთა დივერსიფიკაცია რისკის მართვის ძირითადი სტრატეგია, რომელიც აძლიერებს საინვესტიციო პორტფელის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობას.
ამასთან, დახვეწილი კაპიტალის ბაზრები იზიდავს უცხოელი ინვესტორების ინტერესს მომგებიანი პერსპექტივების ძიებაში.
პირდაპირი უცხოური და პორტფელური ინვესტიციები სწორედ იმ ქვეყნებისკენ მიემართება, რომლებსაც განვითარებული კაპიტალის ბაზრები გააჩნიათ. ეს ინვესტიციები კი, თავის მხრივ, აძლიერებენ ეკონომიკურ დინამიკას და აჩქარებენ სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე ისახება. ზოგადად, არსებობს ძლიერი, პირდაპირპროპორციული კავშირი კაპიტალის ბაზრების განვითარების დონესა, რომელიც იზომება ფინანსური ბაზრების განვითარების ინდექსით, და ქვეყნის კეთილდღეობას შორის, რომელიც ქვევით მოცემულ გრაფიკზე ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ითაა გამოსახული.
განვითარებული ფინანსური ბაზრები, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ს უფრო მაღალ დონეს განაპირობებს და პირიქით. უფრო მეტიც, კაპიტალის ბაზრების დახვეწა ასოცირდება პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალ ტემპებთან, რაც ქმნის დასაქმების მეტ შესაძლებლობას.
უახლესი