გიზიარებთ ბლოგს: ბოლო წლებში საქართველო კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ინოვაციური ეკოსისტემის ცენტრად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში დიდი წვლილი 500 Global in Eurasia-მ შეიტანა, რომელმაც “საქართველოს ბანკთან” და GITA-სთან პარტნიორობით ქვეყანაში რეგიონული სტარტაპ-აქსელერატორი დააფუძნა, რომელიც წელსაც გრძელდება.
500 Global in Eurasia-ს მეშვიდე, ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბური ნაკადისთვის მენტორებმა 10 ქვეყნიდან 13 სტარტაპი შეარჩიეს, რომლებიც საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ცხრა ქვეყანას წარმოადგენენ. სააქსელერაციო პროგრამის მე-7 ნაკადში შვიდი სფეროს წარმომადგენელი სტარტაპი მოხვდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი 21-ე საუკუნის მთავარ ტექნოლოგიას – ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება.
გაიცანი სტარტაპები, რომლებიც 500 Global in Eurasia-ს სააქსელერაციო პროგრამის მეშვიდე ნაკადში მოხვდნენ:
Widgera გლობალური ხედვის მქონე პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ციფრული პროდუქტების, მათ შორის ვებგვერდების და აპლიკაციების შექმნას სთავაზობს. AI-პლატფორმის გამოყენება იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, რომელთაც კოდის წერა არ იციან – რეალურად, კომპანიის მისიაც ეს არის. Widgera-ს პროდუქტების და ხელსაწყოების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ხოლო მომხმარებელს მათი მორგება შეუძლია. ამ ეტაპზე, პლატფორმის ალფა ვერსია უფასოდაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მომავალში, Widgera გამოწერის მოდელზე გადავა.
საერთაშორისო სააქსელერაციო პროგრამის წლევანდელ ნაკადში DDD Invoices-იც მოხვდა – ფინტექ-პლატფორმა, რომელიც კომპანიის ციფრულ სტრუქტურაში ერთი API-ით ინტეგრირდება და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ინვოისების ავტომატურად გენერირების საშუალებას აძლევს, რაც ზოგავს კომპანიის დროს და ზრდის თანამშრომელთა ეფექტიანობას. DDD Invoices-ის პლატფორმა ბევრ იურისდიქციაში არსებულ თავისებურებებს ითვალისწინებს, რითაც კორპორაციულ კლიენტებს საკანონმდებლო შესაბამისობის, ე.წ. “ქომპლაიენსის” თავის ტკივილსაც უგვარებს.
&Volume ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული AI-საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით ტრეიდინგის ავტომატიზაციას სთავაზობს. &Volume-ის პროგრამული უზრუნველყოფა კრიპტობირჟებს API-ის საშუალებით უკავშირდება, ანუ მომხმარებლის საფულესთან პირდაპირი წვდომა არ აქვს. &Volume-ის მომხმარებელი რისკის აპეტიტის დონეს და საინვესტიციო შენატანს ირჩევს, ხოლო სისტემა ბირჟაზე მის ნაცვლად ვაჭრობს და მოგვიანებით, კლიენტს ანალიტიკასაც სთავაზობს. ამ დროისთვის, &Volume-ის პროგრამულ უზრუნველყოფას 5,000-მდე მომხმარებელი იყენებს.
IKI.AI-ის მიზანი კომპანიებში ციფრული ცოდნის ერთგვარი ბიბლიოთეკის შექმნა და თანამშრომელთა ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდაა, რისთვისაც ის ChatGPT-4o-ს იყენებს. ამ დროისთვის, IKI.AI ვებბრაუზერში ჩასაშენებელი ხელსაწყოს ფორმატში ფუნქციონირებს და რამდენიმე ფუნქციის შესრულება შეუძლია, ესენია: სხვადასხვა ტიპის ფაილის ანალიზი და ინფორმაციის ამოღება, დავალებების შესრულება და რაპორტების მომზადება, ბრეინსტორმინგი, ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რჩევების მიცემა. IKI.AI-ის გამოყენება თანამშრომლებს ერთადაც შეუძლიათ, რაც კომპანიის შიგნით ცოდნის გავრცელებას უწყობს ხელს.
Tezbor-ი ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელსაც ონლაინმაღაზიებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ლოგისტიკური ჯაჭვის გამართვა და ამ გზით, უზბეკეთში ონლაინვაჭრობის განვითარება სურს. Tezbor-ის სერვისები კვირაში შვიდი დღის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო ჭკვიანურად მოწყობილი ქსელის წყალობით, გზავნილების გადატანა მაქსიმალურად სწრაფად და მინიმალური დანახარჯით არის შესაძლებელი. პლატფორმა 2021 წელს გაეშვა და მას შემდეგ, წამყვანი უზბეკური ონლაინმაღაზიების, მათ შორის Hilolnashr-ის, GoBazar-ისა და Unishop-ის ნდობა დაიმსახურა.
Nexus Lab-ის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა კლიმატის ცვლილების ტემპის შენელებას ემსახურება. ამ მიზნისთვის, Nexus Lab-მა გადაწყვეტა შექმნა, რომელიც მანქანურ დასწავლის ტექნიკებს ეფუძნება და სატელიტის მიერ გადაღებულ სურათებს, საჰაერო ტრაფიკს და მეტეოროლოგიურ პარამეტრებს აანალიზებს და პილოტს ფრენის ოპტიმალურ და ბუნებისთვის ნაკლებად დამაზიანებელ ტრაექტორიას სთავაზობს. Nexus Lab-მა ფუნქციონირება 2022 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის ევროკავშირის კოსმოსური სააგენტოსგან.
Unitlab Annotation-ის მიერ შექმნილი AI-ხელსაწყო მონაცემთა ანოტაციის, ანუ მანქანური დასწავლის მოდელებისთვის ინფორმაციის მონიშვნის და მიწოდების პროცესს ამარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება რამდენიმე თანამშრომელს ერთად შეუძლია, რაც ამ საკმაოდ კომპლექსურ პროცესს აჩქარებს, მონაცემთა შეგროვების პროცესს აუმჯობესებს და შედეგად, ML-მოდელების უფრო სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს, თანაც დანახარჯების შემცირებასთან ერთად. როგორც Unitlab-ში ამბობენ, ავტომატური ანოტაციის ხელსაწყოების დახმარებით, პროცესის 15-ჯერ აჩქარება არის შესაძლებელი.
Workplaced თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდაზე ორიენტირებული ხელსაწყოა, რომელიც დავალებას მეცნიერულად უდგება და კორპორაციული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება. Workplaced-ის პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიაში ინტეგრირდება, ხოლო თანამშრომლები ხუთსაფეხურიან კითხვარს ავსებენ, რის შემდეგაც პროგრამა მათ პროფილს აგენერირებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სისტემაში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოების დახმარებით, აღმასრულებელი რგოლი თანამშრომლებს უკეთესად იცნობს და, შესაბამისად, უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს.
Telemetree მარკეტინგულ-ტექნოლოგიური ხელსაწყოა, რომელიც კორპორაციულ კლიენტებს Telegram-ზე, Discord-ზე, WhatsApp-ზე და სხვა მსგავს პლატფორმებზე მომხმარებლების პოვნაში ეხმარება. Telemetree-ის ჭკვიანი სისტემების გამოყენებით, კლიენტს მთავარი მარკეტინგული პარამეტრების, მათ შორის მომხმარებელთა კონვერსიის, შენარჩუნებისა და სეგმენტაციის გაუმჯობესება შეუძლია. Telemetree-ის პლატფორმა ჭკვიან ხელსაწყოებს იყენებს, რითაც ახალი მომხმარებლების პოვნის პროცესი უფრო ეფექტიანი და ზუსტი ხდება, რაც კომპანიას დროს და ხარჯებს უზოგავს, ხოლო პროცესს მეტად ტარგეტირებულს ხდის.
Mentica სტარტაპია, რომელიც, ერთი მხრივ, თანამშრომელთა გაძლიერებას ემსახურება, მეორე მხრივ კი, კომპანიას სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში და თანამშრომელთა შენარჩუნებასა და განვითარებაში ეხმარება. Mentica ციფრული მენტორინგის პლატფორმაა, რომელიც თანამშრომლების გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და მიზნებს აანალიზებს და მათ საჭიროებებზე მორგებულ კონკრეტულ კარიერულ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც, ხშირად, თანამშრომელს ფოკუსის გასწორების და პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას აძლევს.
Algebras AI, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს უცხო ენაზე მრავალმხრივი კონტენტის მომზადებაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ლოკალური კონტენტის მომზადების პროცესს ორჯერ აჩქარებს, რისთვისაც ტიპური მარკეტინგული ბიუჯეტის 10%-ის ეკვივალენტს იყენებს. Algebras AI-ის მიერ გენერირებული კონტენტი ლოკალური ბაზრის, ენისა და დიალექტების თავისებურებებს ითვალისწინებს, რაც კონტენტის ეფექტიანობას და მის მიმართ ნდობას ზრდის.
Aldente AI ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ვიდეოკონტენტის შეფასებაში ეხმარება, რითაც იზრდება კომპანიის პროდუქტიულობა და მცირდება დანახარჯი. თანაც, Aldente AI-ის გამოსაყენებლად არც დამატებითი მოწყობილობები არის საჭირო და არც დეველოპერთა გუნდის დახმარება. ვიდეოკონტენტის ანალიზის გარდა, ყაზახური კომპანიის მიერ შექმნილი გადაწყვეტა კომპანიებს მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაციაში და განთავსებების მონიტორინგში ეხმარება, რითაც კომპანიას ინვესტირებულ თანხაზე მიღებული ამონაგების გაზრდაში ეხმარება.
Markster ყოვლისმომცველი SaaS-პლატფორმაა, რომელიც გაყიდვებთან, მარკეტინგთან და ოპერაციებთან დაკავშირებულ ხელსაწყოებს მარტივ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფორმატში აერთიანებს, რითაც კომპანიებს, სტარტაპებს, სოლოპრენერებსა და SME-ებს რამდენიმე პროგრამის ერთდროულად ყიდვის პრობლემას უგვარებს და მასშტაბირების საშუალებას აძლევს. როგორც კომპანიაში ამბობენ, Markster-ის მიზანი კორპორაციული პროცესების გამარტივება და დანახარჯების შემცირებაა. Markster-ის დახმარებით შესაძლებელია, როგორც გაყიდვებისა და მარკეტინგის ავტომატიზაცია, ასევე ვებგვერდების შექმნა, კალენდრის მართვა და ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ უკვე 10 ქვეყნიდან 70-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა 500 Global in Eurasia-ს პროგრამა საქართველოში. მათ შორისაა Praktika.AI – სტარტაპი, რომელმაც წელს 35.5 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო
500 Global-ი საინვესტიციო გიგანტია, რომელიც სილიკონის ველზე ჯერკიდევ 2010 წელს დაფუძნდა. მრავალმხრივი ვენჩურული საინვესტიციოფონდი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ კომპანიებში ინვესტირებს. ამ დროისთვის, 500 Global-ი $2.3 მილიარდის ღირებულების აქტივებსმართავს, ხოლო კომპანიის პორტფელში 3,000-მდე კომპანია და 5,000-ზემეტი დამფუძნებელი ირიცხება. 500 Global-ის საინვესტიციო ნაკვალევი 80 ქვეყანაში შეიმჩნევა, მათ შორის საქართველოში, სადაც კალიფორნიულისტარტაპ–აქსელერატორი პროგრამას “საქართველოს ბანკთან” და GITA-სთან თანამშრომლობით მართავს.
უახლესი
47 წუთის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა