ტექნოლოგიური განვითარება ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გაიზრდება, აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მე-11 დისკუსიაში მონაწილეობდა.
დისკუსიის თემა კი „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“ იყო.
პანელურ დისკუსიაში ლევან ვეფხვაძის გარდა მონაწილეობას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იღებდნენ, ხოლო აღნიშნულ შეხვედრას მოდერაციას Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა.
ლევან ვეფხვაძემ აღნიშნულ დისკუსიებზე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის დისკუსიები საჭირო იმისთვის, რომ უფრო მომზადებულები შევხვდეთ გამოწვევებს.
„იცით, რომ ტექნოლოგიური განვითარება იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გაიზრდება. არის ახალი შესაძლებლობები, რომ კავკასიის რეგიონიდან განახლებადი ენერგიები ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. შესაბამისად თუ კი ჩვენ იმ დროს, როდესაც ტექნიკური შესაძლებლობები გაჩნდება ვიქნებით მზად და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეები ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთად მოვიგებთ. მაგრამ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ეს სიმძლავრეები 5-7 წლის პერსპექტივით გვქონდეს? ამაზე უნდა შედგეს ფართო დისკუსია და ვიმსჯელოთ, თუ რატომ ჩაგვივარდა ბოლო 5 წელი, დავუშვათ 2017 წლიდან 2022 წლამდე. ასევე როგორ წარიმართა 2023 წლის აუქციონები და რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია აქედან და რამდენად წარმატებული იქნება ეს გაცემული პროექტები. ამ თემებზე დისკუსიებია საჭირო, რათა მომავალში დავაკორექტიროთ, თუ კი რაიმე შესაცვლელია და უფრო მომზადებულები შევხვდეთ გამოწვევებს“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.
ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.
მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
უახლესი