დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გააძვირებს თუ არა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გატარების საფასურის გაზრდა საზღვაო გადაზიდვებს - SKYLOG-ის შეფასება

გააძვირებს თუ არა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გატარების საფასურის გაზრდა საზღვაო გადაზიდვებს - SKYLOG-ის შეფასება

01-07-2024 17:00:00

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში უცხოური სავაჭრო გემების გატარების საფასურის 15%-ით გაძვირებამ, შესაძლოა, გადაზიდვების ტარიფები გაზარდოს. რაც შეეხება საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ტვირთების საზღვაო გზით ტრანსპორტირების ტარიფის გაძვირების მოლოდინს, როგორც ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე ამბობს, ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა წილი უკავია სრუტეებში გატარების ტარიფს.

„ჩემი აზრით, ყველაფერი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ტარიფებმა აიწიოს. ბოსფორში და დარდანელში გატარების ტარიფი გადაზიდვის მთლიან სქემაში რამდენ პროცენტს მოიცავს არ ვიცი. წესით ბევრი არ უნდა იყოს. ბოსფორში საზღვაო ხაზების გემები აქტიურად შედიან და იქ იცლებიან და შემდეგ ტვირთი ფიდერული გემებით გამოაქვთ. სრუტეებში გემების გატარების ტარიფის ზრდა რა დოზით აისახება საერთო ტრანსპორტირების ღირებულებაზე ეს ივლის-აგვისტოში უფრო კარგად გამოჩნდება“, - აღნიშნა გიორგი ზუმბაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ივნისის ბოლოდან საზღვაო გადაზიდვების ტარიფები დაახლოებით 7%-ით უკვე გაძვირდა. მისივე განმარტებით, საზღვაო გადაზიდვების გაძვირებამ შესაძლოა რკინიგზით გადაზიდვებზე მოთხოვნა გაზარდოს. 

1 ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში უცხოური სავაჭრო გემების გატარების საფასური 15%-ით გაძვირდა და  ე.წ. წმინდა ტონაჟზე 5,07 დოლარი შეადგინა. ერთი წლით ადრე შემოღებული საფასური კი 4,42 აშშ დოლარი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტარიფის გაზრდა გეგმის მიხედვით განხორციელდა. 

ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულკადირ ურალოღლუმ ადრე განაცხადა, რომ მოსაკრებლის ოდენობის გადახედვა ხდება ქვეყნის პრეზიდენტის  რეჯეფ თაიფ ერდოღანის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე.

1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს ნავიგაციას ბოსფორსა და დარდანელებში, სავაჭრო გემების უწყვეტი ტრანზიტი ექვემდებარება სამედიცინო კონტროლის, შუქურას და გემების ევაკუაციის სერვისების საფასურს. 1983 წლიდან გადასახადი გამოითვლება ოქროს ფრანკის საფუძველზე და შეადგენდა 0,80 აშშ დოლარს გემის წმინდა ტონაჟზე. 2022 წლის ოქტომბერში ეს პროცედურა შეიცვალა და ტარიფი 4,08 დოლარამდე გაიზარდა.

თურქეთის ხელისუფლება ადრე იტყობინებოდა, რომ უცხოური გემების მიერ სრუტეებით სარგებლობის საფასურის გაზრდა ხაზინას წელიწადში მინიმუმ 900 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები