თანამედროვე და მინიმალისტური ავეჯისა და სამოსის საწარმო ,,ფუნდუკი" ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ ჭახრაკია Business Insider Georgia- თან ამბობს, ერთ თვიანი პროექტი ავეჯის მიმართულებას უკავშირდება და ევროპულ კომპანიასთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და სიახლის ქართულ ბაზარზე დანერგვას ითვალისწინებს.
„უახლოეს პერიოდში ჩვენი თანადამფუძნებელი გაემგზავრება ესტონეთში. ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიასთან იგეგმება ავეჯის ხაზით ერთობლივი პროექტის განხორციელება. პროგრამა ერთთვიანია, რომლის ფარგლებშიც გაკეთდება საერთო ნამუშევარი და რამდენიმე პროდუქტი შეიქმნება.
მხარეები ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს, ჩვენთვის ეს საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ვგეგმავთ წარმატებული ევროპული კომპანიის მოდელის გადმოტანა და დანერგვა. ცნობილია, რომ ჩვენი ავეჯი არის ასაწყობი, ლურსმნისა და წებოს გარეშე, აქედან გამომდინარე, რადგან მოთხოვნა ძირითადად პატარა სივრცეზეა, წარმოება მორგებულია სტუდიური ტიპის ბინებზე, როგორი მიდგომაც არის ევროპაში. გვინდა, რომ ჩვენთან გადმოვიტანოთ ამ ბიზნესმოდელის დეტალები, რომელიც თავის თავში ბიზნესის, დიჯითალისა და მაღაზიების მართვას მოიცავს", - აცხადებს მარიამ ჭახრაკია.
რაც შეეხება „ფუნდუკის“ ტანსაცმლის ხაზს, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, ონლაინ გაყიდვებში 30 %-იანი ზრდა ფიქსირდება. კომპანია დიდ იმედს ტურისტულ სეზონზე ამყარებს.
„პანდემიის დროს გადავედით ონლაინ სისტემაზე და მოთხოვნა მუდმივად იზრდება. გვაქვს ასევე მაღაზიაც, ველოდებით აქტიური ტურისტული სეზონის დადგომას, ზამთარი საკმაოდ რთული იყო. „ფუნდუკის“ სამოსს დიზაინერები ქმნიან, მაღალი ხარისხისაა და ბევრი ბესტსელერი გვაქვს, მათ შორის, ქართული ჩითები, რაზეც ქვეყნის გარეთ დიდი მოთხოვნაა. გვაქვს ონლაინ მაღაზია ამერიკაში, სადაც ასევე ვყიდით პროდუქციას", - ამბობს მარიამ ჭახრაკია Business Insider Georgia- თან.
მისი ინფორმაციით, ნედლეულის გაძვირების გამო „ფუნდუკის“ ფასები დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი. ცნობილი ბრენდის გაყიდვები მოიცავს მაღალი ხარისხის თაროებს, ქართულ ნაციონალური ჩითებს, აქსესუარებსა, სუვენირებს და სხვა.
„ფუნდუკის“ წარმოება ეკოკომფორტულია, რაც ეკოლოგიისა და კომფორტის ჰარმონიულ შეთავსებაში გამოიხატება. კომპანიაში 15 ადამიანი მუდმივადაა დასაქმებული.
ცნობისთვის, „ფუნდუკი“ წარმატებული ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მუდმივად განვითარების პროცესშია. ოჯახის წევრების გარდა, დღეს უკვე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებზეც წარმატებული ბრენდია.
უახლესი