ფრთხილი, მაგრამ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს Business Insider Georgia-თან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი.
მისი განმარტებით, „ფრთხილი იმიტომ, რომ შემცირება 0,5 პროცენტული პუნქტით არ მოხდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით დასწიეს“.
„საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ინფლაციამ დაიწია და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთსაც უნდა დაეწია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ჩემთვის მოსალოდნელი იყო. ფრთხილი, მაგრამ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს ნიკოლოზ ყაველაშვილი.
როგორც სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი მიიჩნევს, აღნიშნული შემცირების შემდეგ სებ-ი ინფლაციას ისევ დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ნიკოლოზ ყაველაშვილი არ გამორიცხავს, რომ სებ-მა აღნიშნული განაკვეთი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნოს.
„მე მგონი სებ-ი ცოტახანი კიდევ შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ინფლაციას დააკვირდება და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებენ“, - აცხადებს ნიკოლოზ ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.
„ინფლაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, სამიზნე მაჩვენებელზე (3 პროცენტი) დაბალია და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. საგარეო ფაქტორების როლი ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა იკლო და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები, ასევე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ინფლაციის კლებას. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში ის 6.1 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, სახეზეა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი გრძელვადიან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას მიუახლოვდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მასთან ახლოს შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს.
პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება, წარმოშვას.
ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.
უახლესი