ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაიზრდება და 250 ლარს შეადგენს. ამის შესახებ გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი და ეს განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებითა და იმ ჭარბი მოსავლით რაც არსებობს მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50 ლარით გაიზარდოს და ჯამში 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ .
მისივე თქმით, უამინდობის გამო ადგილობრივი ფერმერების მიერ მიღებული ხორბლის მოსავალი დაბალია და ძირითადად საფურაჟე დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.
„შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე დაწესდეს 100 ლარი დამატებით საიმპორტო გადასახადი და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიიღება და ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება დამატებით საიმპორტო საფასური. ვფიქრობთ, ეს ძალიან დაეხმარებათ ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პურის ფასზე გავლენა არ ექნება.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე განისაზღვრა.
უახლესი