სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, 11 ოქტომბერს გაიმართება. როგორც სებ-ში განმარტავენ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სხდომის 2 კვირით გადადებასთან დაკავშირებით.
„კომიტეტი ელოდება სტატისტიკური ინფორმაციის განახლებას, რომლის ასახვაც უნდა მოხდეს კომიტეტის შესაძლო გადაწყვეტილებაში. კომიტეტის გადაწყვეტილებით სხდომა ადრეც არაერთხელ გადადებულა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდება.“, - აცხადებენ სებ-ში.
ცნობისათვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, რომელიც 31 მაისს გაიმართა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა.
„მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2023 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.2% შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად 2023 წლის პირველ კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებელთან შესადარის დონეზეა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.
კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის (ცხრილი 1). ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა.
ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად ეროვნული ბანკი სისტემური ბანკებისთვის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნას (MREL) აწესებს1. აღნიშნული რეგულაციის დაწესების რეკომენდაცია 2021 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ჩატარებული ფინანსური სექტორის შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში იქნა გაცემული და იგი ევროპის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დირექტივის (BRRD) ჩარჩოს მიერ გათვალისწინებულ საერთო პრაქტიკას ემყარება. MREL მოთხოვნის მიზანია, ბანკების მიერ წინასწარ ბალანსის იმგვარი სტრუქტურის შექმნა, რომელიც სტრესულ სიტუაციაში რეკაპიტალიზაციის გზით ბანკის მდგრადობას შეუწყობს ხელს.
უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასი კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.
უძრავი ქონების გაყიდვის ფასების ზრდა მეტწილად მშენებლობის ხარჯებისა და სამრეწველო პროდუქციის ინფლაციის თანაზომიერია. ხოლო ქირის შემთხვევაში, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას გაითვალისწინონ აღნიშნული დინამიკა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს,“- აღნიშნულია მაშინ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება