დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

26-06-2024 12:06:00

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც უსწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტმა განაპირობა. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებას და გარემოებების მიხედვით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას.  


ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. არსებული დინამიკა განაპირობა სესხების მშპ-თან ფარდობის გასულ კვარტალთან შედარებით დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნებამ, რაც, თავის მხრივ, წლის პირველი კვარტლისთვის სეზონურად დამახასიათებელი შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდეციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.
 


წყარო: სებ; საქსტატი
*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს. 
**სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად  გამოშვებულ ობლიგაციებს.
*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 


საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.


ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები