„ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან - 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“ - ეს შედეგები კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს. კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. კვლევის ფარგლებში, მონაწილე ექსპერტებმა დაადგინეს ისიც, რომ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ამ ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების დასრულების შემდეგ ComCom-ის წევრები ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას სრულად გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადდება და მას კვლევის დოკუმენტით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები დაეკისრება.
კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 981 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა. ეს გარემოება კი ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, ნათლად მიუთითებს ქართულ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე, რაც, მათივე დასკვნით, პირველ რიგში ქართველ აბონენტებს უქმნის შემზღუდველ პირობებს.
აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების შესწავლა და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება, რომელიც ადგენს ექვემდებარება თუ არა ბაზარი წინასწარ რეგულირებას. ჩატარებულმა ტესტმა ცხადყო, რომ ბაზარი არ არის მიდრეკილი ეფექტიანი კონკურენციისკენ და არსებობს ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები. კერძოდ, დიდ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ დიდი ოპერატორები აკეთებენ მასშტაბის ეკონომიას თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რითიც იმცირებენ ხარჯებს. გარდა ამისა, ის ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს - მაგალითად ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად - აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას და იმცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსწორების მიზნით, საჭიროა წინასწარი რეგულაციის დაწესება.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 18 ივლისს, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით უკუკავშირის წარმოდგენა 15 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. საგულისხმოა, რომ ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება