ფეროშენადნობების ექსპორტი 6 თვეში გასულ წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა და $143 მლნ შეადგინა. ყველაზე მეტი ღირებულების, $37 მილიონის ექსპორტი ივნისში განხორციელდა, ყველაზე ნაკლები, $9 მლნ. 874 ათასის ნედლეული კი თებერვალში გაიყიდა. ფეროშენადნობების ექსპორტში თურქეთი ლიდერობს. ივნისში მეზობელ ქვეყანაში $29 მილიონ 3894 ათასის ფეროშენადნობები გაიყიდა. მეორე ადგილზეა ეგვიპტე, $3 მილიონით.
საინტერესოა, ამ ფონზე რა ვითარებაა „ჯორჯიან მანგანეზში“, რომელიც ქვეყანაში ფეროშენადნობების მსხვილი ექსპორტიორია. ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურ დირექტორს გიორგი ტატიშვილს ესაუბრა.
ფეროშენადნობების ექსპორტი არის გაზრდილი ბოლო თვეების განმავლობაში. რა ვითარებაა „ჯორჯიან მანგანეზში“, რომელიც ფეროშენადნობების მსხვილი ექსპორტიორია?
ექსპორტის რაოდენობა ეყრდნობა საბაჟო მონაცემებს, თუ რა რაოდენობის პროდუქტმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ექსპორტის მიმართულებით. ჩვენ ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ შენელებულია ფეროშენადნობების გაყიდვა და ეს ტენდენცია ორი წელია გრძელდება. იმისთვის, რომ ფინანსური სახსრების მობილიზება მოგვეხდინა და უზრუნველყოფილიყო საწარმოს უწყვეტი ოპერირება, მათ შორის ხელფასების გაცემა, საწარმოო სიმძლავრეების შენარჩუნება, ჩვენი საბოლოო პროდუქცია სილიკო-მანგანუმი გამოვიყენეთ როგორც უზრუნველყოფის საშუალება, იმისთვის რომ სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან ერთად მოგვეხდინა ამ სილიკონ მანგანუმის დასაწყობების ხარჯზე სესხები მოგვეზიდა და ეს სახსრები მოხმარებოდა ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება.
დღეის მდგომარეობით, 6 თვეში სილიკონ მანგანუმის დიდი მოცულობები გვაქვს გადაზიდული როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ბაზარზე. ეს ნაშთები გამოვიყენეთ როგორც უზრუნველყოფა და ახლა პროდუქციის ნაწილი იყიდება. აქედან მიღებული სახსრები ხმარდება სესხების მომსახურებას. იფარება სესხის ძირი და პროცენტები.
როგორია სილიკონ მანგანუმის გაყიდვების ტემპი და ინტერესი ამ პროდუქციასთან მიმართებით, რომელია თქვენი პროდუქციისთვის სამიზნე ბაზრები და რა ვითარებაა გაყიდვების თვალსაზრისით?
სილიკონ მანგანუმზე მოთხოვნას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: ერთი, რა რაოდენობისაა პროდუქცია და მეორე, თუ რა ფასად იყიდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში სილიკონ მანგანუმის ფასები აშშ-ი გაიზრდება, თუმცა ეს გამოწვეულია სპეკულაციური ქმედებებით, რასაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტრეიდერებისა და მწარმოებლების მხრიდან, რომლებიც ნედლი მასალებსა და მზა პროდუქციას აწარმოებენ. სპეკულაციური ფაქტორები დარეგულირდა და როდესაც კვოტირებები გამოქვეყნდება, 6 თვიან პერიოდში პირველად, ივლისის თვეში სილიკო-მანგანუმზე ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდება.
ჩვენი ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ-ია და თუ კრიზისამდე ვყიდდით თვეში 8-9 ათას ტონა ნედლეულს, ხოლო ღრმა კრიზისის დროს ეს მოცულობა 3-4 ათას ტონამდე ჩამოვიდა. დღეის მდგომარეობით 5 ათას ტონამდე სტაბილურად იყიდება აშშ-ის ბაზარზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კრიზისის დასრულებაზე ვისაუბროთ და ეს რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ საქმიანობას.
კიდევ რომელ ქვეყნებში ყიდით სილიკო-მანგანუმს და რა პროგნოზი გაქვთ ამ ბაზრებთან მიმართებით?
ჩვენი კომპანიისთვის, ექსპორტისთვის სიდიდით მეორე ბაზარია ევროკავშირი. გაყიდვები ამ ბაზარზეც შემცირებულია და ეს დიდწილად დამოკიდებულია ომზე, რადგან ამ ბაზარს ყველაზე მჭიდრო შემხებლობა აქვს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან. მეტალურგიულ ქარხნებში საწარმოო სიმძლავრეები ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა, რადგან საბოლოო პროდუქტზე - მეტალზე, რაც ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენება, საბოლოო მოთხოვნა კარდინალურად განსხვავებულია, რაც კრიზისამდე იყო. ყველა ელოდება ომის დასრულებას და შემდეგ ალბათ უფრო თამამები გახდებიან მომხმარებლებიცა და მწარმოებლებიც. ალბათ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ სილიკონ მანგანუმის რეალიზაციის წარსულ ნიშნულზე დაბრუნებას.
კრიზისის დაწყებამდე, კომპანიის ექსპორტისთვის ყველაზე მსხვილი ბაზარი რომელი იყო?
თუ ევროკავშირის ბაზარზე ვისაუბრებთ, ეს იყო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ნორვეგია. ახლაც იყიდება ამ ლოკაციებზე, მაგრამ რაოდენობა შემცირებულია.
რა ვითარებაა რუსეთის ბაზარზე, რადგან ცნობილია რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ გაჰქონდა ექსპორტზე სილიკო -მანგანუმი?
უკვე ორი წელია, რაც რუსეთმა ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა სილიკო-მანგანუმის ქართველი მწარმოებლებისთვის. რუსეთის ბაზარმა, იმ მარჟებიდან გამომდინარე საქართველოსთვის მიმზიდველობა დაკარგა. შესაბამისად ის ნაშთები ამოვყიდეთ, რაც იქ გვქონდა დარჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზართან ახლა ნულოვანი შეხება გვაქვს.
ახლა რა დატვირთვით მუშაობთ, როცა ბაზარზე კრიზისის განეიტრალება არ მომხდარა და ვერ ზრდით გაყიდვებს?
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 70%-იანი დატვირთვით მუშაობს. შევინარჩუნეთ საწარმოო სიმძლავრეები. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 5-4 ათას ტონაზე ჩამოვიყვანოთ წარმოება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის 1 ტონის ღირებულება გახდება $2000-$2500 და მაშინ საერთოდ არაკონკურენტული გავხდებით ნებისმიერი ბაზრისთვის. ამიტომ ვცდილობთ, ფიქსირებული ხარჯები გადავანაწილოთ უფრო მეტ წარმოებულ ტონაზე და ამით გავაიაფოთ წარმოების თვითღირებულება და მიმზიდველი გავხადოთ ბაზრებისთვის. მეტი გადატვირთული ტონა ლოგისტიკურ ხარჯებს აიაფებს.
ბაზარზე კრიზისია, თქვენი საწარმო არ არის მომგებიანი, მაშინ რა მიზანს ემსახურება ამ დატვირთვით საწარმოო პროცესის არსებობა?
თითქმის ორი წელია საწარმო მომგებიანი არ არის. ჩვენი მიზანია ქარხანა არ გაჩერდეს, წარმოება არ შეწყდეს და არ მოგვიწიოს თანამშრომლებთან ანაზღაურების სხვა მეთოდებზე საუბარი, რაც ჭიათურის შემთხვევაში ორჯერ მოხდა.
გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის ხელფასები, რასაც ახლა ვუხდით თანამშრომლებს და ყველა ის ფინანსური რესურსი მოვიძიოთ მოკლე პერიოდში და გადავარჩინოთ წარმოება. ახლა დღე-დღეში ხდება ხელფასების გაცემა. წლებია ხელფასების დაგვიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანაში 1 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჭიათურაში კი 4 000-მდე.
P.S შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიას ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“ ფლობს. რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“ აერთიანებს. კომპანია აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს მაღალხარისხიანი ფეროშენადნობები. პროდუქციას ყიდიან რუსეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება