მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ფქვილის იმპორტს საფასური დაუწესდა, კმაყოფილი მხარე ფაქტობრივად არ ჰყავს. როგორც პურის მწარმოებლები, ასევე მეხორბლეები აცხადებენ, რომ დათმეს, თუმცა სარგებელი ვერ მიიღეს.
კერძოდ, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ სასურსათო ხორბალს თვითღირებულების ფასში - 70 თეთრად გაყიდიან, თუმცა საფურაჟე ხორბლის მიმართულებით პრობლემა მაინც რჩება.
„სასურსათო ხორბალს როგორმე ეშველება, მაგრამ საფურაჟე ქერი და ხორბალი გასაყიდი გვრჩება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ფერმერებს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს. სასურსათო ხორბალს 70 თეთრად (თვითღირებულებით) გაყიდიან. ეს მცირე შეღავათია, თუმცა აქედან სარგებელი არ არის, მაგრამ დასაწყისისთვის მისაღებია.
მადლობელი ვართ ამისთვისაც, შევძლებთ, რომ ხელახლა დავთესოთ ხორბალი, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს ვახერხებთ. პრობლემა რეალურად რომ მოგვარდეს, აუცილებელია, რომ დაღერღილ მარცვლეულზეც დაწესდეს იმპორტის საფასური, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. საფურაჟე ხორბლის ნახევარი გასაყიდი დაგვრჩება. ამ დროს თანაბარი ხარჯია გაწეული, ყველა ხარისხის ხორბალს მოვლა ერთნაირად სჭირდება“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. რაც შეეხება ფქვილის ფასს, ცნობილია, რომ 1 ტომარა ფქვილი 12 ლარით გაძვირდება, ხოლო პურის ფასი სავარაუდოდ შენარჩუნდება.
უახლესი