რამდენიმე წელიწადში მოცვი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კულტურა გახდება - ,,ბლუ ბერდი“ ლურჯი მოცვის სეზონი დასასრულს უახლოვდება.
მოსავლის დიდი ნაწილი აქტიურად გადის ექსპორტზე. სამეგრელოს რეგიონში, ხობში ,,ბლუ ბერდი“ ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომელიც მომხმარებელს მოცვის წინასწარი გაგრილების, სორტირების, შეფუთვის და შენახვის სერვისს სთავაზობს.
კომპანიაში Business Insider Georgia - თან აცხადებენ, რომ წარმოების მასშტაბი იმდენად იზრდება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოცვი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი კულტურა გახდება. წარმოების მზარდი დინამიკის მიუხედავად, სექტორის მთავარი გამოწვევა ფასსა და ექსპორტთან დაკავშირებულ სირთულეს უკავშირდება.
„წელს კარგი მოსავალია, რაოდენობის და ხარისხის მხრივ ჩვენი პროდუქტი ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველწლიურად ახალ-ახალი ბაღები ემატება, მუდმივად ვითარდება დარგი, რასაც ინფრასტრუქტურაც მიყვება. ამ ტემპით უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოცვი ერთ-ერთი მთავარი აგრო კულტურა გახდება საქართველოში, მაგრამ მთავარია წარმოებაში არსებულ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ევროპულ ბაზარზე ქართველ ფერმერებს გასვლა უჭირთ, შესაბამისად, მოსავლის ძირითადი ნაწილი რუსეთში იყიდება, სადაც ფასი დაბალია. ამან საბოლოოდ მოცვის გაიაფება გამოიწვია, ამიტომ მთავარი გამოწვევა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რომ ევროპულ ბაზრებზე ექსპორტი გავზარდოთ, ქართული მოცვი ნამდვილად არის კონკურენტუნარიანი და ექსპორტზე პოზიციების დაწინაურებისთვის ყველა რესურსი აქვს, თუკი სწორად გამოვიყენებთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, კომპანია მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „ბლუ ბერდი“ , 2,3 მლნ ლარის ინვესტიციით, სამეგრელოს რეგიონში, ხობში ოპერირებს.
საწარმო სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
კომპანიამ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500 000 ლარის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
უახლესი