ევროპული კომპანიები მესამე კვარტალში აღდგენას ვერ ახერხებენ, რაც შემოსავლების შემცირებითა და 2025 წლის მოგების პროგნოზების კლებით გამოიხატა. თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ცნობით, MSCI Europe-ის ინდექსის წევრთაგან მხოლოდ 30%-მა (414 კომპანიიდან) მოახერხა გაყიდვების პროგნოზების გადაჭარბება, რაც თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აგრეგირებული შემოსავლები 0.3%-ით შემცირდა, ხოლო მოლოდინი 0.4%- იანი ზრდა იყო, როგორც Bloomberg Intelligence-ის მონაცემები აჩვენებს.
„სუსტი მაჩვენებლები ფართოდ იყო გავრცელებული. ენერგეტიკული კომპანიები და ავტომწარმოებლები, მათ შორის Porsche AG და Mercedes-Benz, განსაკუთრებით წვალობენ ნავთობის ფასების შემცირების, კონკურენტული ზეწოლისა და ჩინეთიდან მოთხოვნის კლების ფონზე. ასევე, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფუფუნების საქონლის მწარმოებლები, როგორებიცაა LVMH, რომელმაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვარტალური შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ფინანსურმა სექტორმა და ჯანდაცვამ კვარტალი პოზიტიური მაჩვენებლებით დაასრულა, რაც კიბოსა და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატებზე ძლიერი მოთხოვნით, ასევე ბანკების, როგორებიცაა Deutsche Bank, მდგრადი საკომისიო შემოსავლებით იყო განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ მოგებამ მოლოდინებს მცირედით გადააჭარბა (+1.2%), ანალიტიკოსები ფრთხილნი რჩებიან, აღნიშნავენ, რომ ზრდა ძირითადად ბანკების მიერ იყო მიღწეული. კომპანიებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ჩინეთში მოთხოვნის შენელების გამო, რაც ოპტიმიზმს მარჟებისა და ხელოვნური ინტელექტით მიღწეული ეფექტიანობის მხრივ, ჩრდილავს.
ანალიტიკოსების თქმით, შემცირებული პროგნოზები მიუთითებს შეზღუდულ აღდგენის პერსპექტივებზე, რაც 2025 წლის მოგების შეფასებების მკვეთრ შემცირებაში გამოიხატა. გაურკვევლობას ამძაფრებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სავარაუდო სატარიფო პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით იმ სექტორებზე მოახდენს გავლენას, რომელიც აშშ-ზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, მაგალითად, ჯანდაცვა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
უახლესი