დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის, ქვეყანაში დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის, ქვეყანაში დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება

04-05-2023 13:30:27

მთავრობა ქვეყანაში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარებისთვის საშეღავათო პირობებს ამზადებს და ამ მიზნით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეაქვს.

ცვლილების ძირითადი არსი კი არის ის, რომ საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი შეიქმნას.

აღნიშნული, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან წარმომადგენლობით ხარჯებთან, რომელიც გულისხმობს მოწვეული სტუმრებისა და გუნდების ხელმძღვანელობის მასპინძლობასა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩემპიონატის ფინალური მატჩიც ჩატარდება საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში. მატჩს დაესწრება უამრავი სტუმარი და ოფიციალური პირი, როგორც მონაწილე ქვეყნებიდან, ისე ფეხბურთის მმართველი ევროპული და მსოფლიო ორგანიზაციებიდან. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებისათვის, ასევე შეჯიბრებაში ჩართული სხვა მხარეებისათვის.

კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის - უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს. მსოფლიოში დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, ჩემპიონატების ორგანიზების დროს წესდება ერთჯერადი შეღავათები და, შესაბამისად, ქვეყანაში შემსვლელი გუნდი არ იბეგრება საბაჟო საზღვარზე საბაჟო მოსაკრებლით ან/და დღგ-ით. ასევე, მნიშვნელოვანია სატელევიზიო გადაღების უზრუნველყოფა. მატჩებს გააშუქებს, როგორც მონაწილე ქვეყნების ტელევიზიები, ისე სატელევიზიო კავშირი - „Eurosport“.

ეს მოითხოვს დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკის (პე-ტე-ესები, კამერები, ლედბორდები) დროებით შემოტანასა და მონტაჟს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელდეს ერთჯერადი ხასიათის საშეღავათო ცვლილებები.

„აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის, ცნობადობის გაზრდას მსოფლიო სპორტის ასპარეზზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებაზე, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მომსახურების სფეროში (სარესტორნო და სასტუმრო ქსელი) ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკურ წახალისებასთან. 8 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. გარდა ამისა, საქართველოს ესტუმრება ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ამავე ქვეყნების ფედერაციათა მრავალრიცხვოვანი დელეგაციები, ოფიციალური პირები, უცხოური საფეხბურთო კლუბების სკაუტები და უეფა-სა და ფიფა-ს წარმომადგენლები. ეს ყოველივე კი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპზე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო მასპინძლობს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ - უეფა) ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გაიმართება 16 მატჩი. შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის: გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, ისრაელის, პორტუგალიის, ჰოლანდიისა და ბელგიის, ასევე, მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში გამოვლენილი ფინალისტი ქვეყნის ნაკრებები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები