დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპელი ტურისტების სიმცირის გამო შესაძლოა, ზამთრის სეზონზე გავჩერდეთ -  ,,ძველი ბახმარო“

ევროპელი ტურისტების სიმცირის გამო შესაძლოა, ზამთრის სეზონზე გავჩერდეთ -  ,,ძველი ბახმარო“

10-10-2023 18:00:43

კურორტ ბახმაროში სეზონის წარმატება ევროპული ნაკადების აქტივობაზე არის დამოკიდებული. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ტრადიციულად კურორტზე წამყვან სეგმენტს ევროპელი დამსვენებლები ქმნიან, რაც მომავალ სეზონზეც არ შეიცვლება.

სასტუმრო ,,ძველ ბახმაროში“ აცხადებენ, რომ მაქსიმალურად არიან მზად, მთავარია, ჰქონდეთ ჯავშნები, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმუშავებს თუ არა სასტუმრო ზამთრის სეზონზე.

„ძველი ბახმაროს“ წარმომადგენელი ლელა მონასელიძე Businss Insider Georgia- თან ამბობს, რომ წინა სეზონზე სერიოზული პრობლემა იყო ევროპელი ტურისტების სიმცირის გამო. ადგილობრივები კი ნაკლებად ან თითქმის ვერ ისვენებენ, ვინაიდან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კურორტზე გარკვეული პრობლემაა. ,

,ჩვენს კურორტზე უმეტესად ევროპელები ისვენებენ. სხვა სეგმენტს აქ ნაკლებად ნახავთ. შარშანაც ევროპელი ტურისტები სჭარბობდნენ, თუმცა მათი რაოდენობა წინა წლებისგან შედარებით ნაკლები იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელი ტურისტების სიმცირეა ქართულ კურორტებზე, შესაძლოა, პრობლემა შეგვექმნას. ვიმუშავებთ თუ არა სეზონზე,ესეც უკვე შეკვეთების მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს ლელა მონასელიძე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, პრობლემაა გზებთან დაკავშირებით, ვინაიდან დიდთოვლობისას სასტუმრომდე ვერ მოდის ავტომობილი და ტურისტს თოვლმავლის დაქირავება უწევს, რომლის  მომსახურების საფასურიც 1 500 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური ჰაერით არის გამორჩეული. რაც შეეხება სასტუმროს ,,ძველი ბახმარო“, ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა და საუკეთესო ხედებით გამოირჩევა. სასტუმრო 8 სტანდარტული და 4 ლუქსის ტიპის ნომრისგან შედგება, სადაც შექმნილია ყველა საჭირო პირობა კომფორტული დასვენებისათვის  როგორც ინდივიდუალური ასევე კორპორაციული მომხმარებლებისთვის. ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო ბახმაროში მდებარე სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობენ.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები