რაჭაში, ონში გასტრო-ტურისტული ობიექტის „მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი თემურ გუგეშაშვილი ევროპელი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს.
მართალია, ქვეყანაში რუსი დამსვენებლების დიდი აქტიურობაა, მაგრამ ამ კატეგორიის ტურისტების მიმართ თემურ გუგეშაშვილს პრინციპული დამოკიდებულება აქვს.
ამბობს, რომ ვიდრე რუს ტურისტს მიიღებს, აუცილებელი პირობაა, მისგან „სლავა უკრაინა“ მოისმინოს, რაზეც თითქმის არავინ თანხმდება და ასეთი სტუმრისთვის მასპინძლის კარიც დაკეტილია.
გამორჩეული ინტერიერით, ქართული ტრადიციული ავეჯითა და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით გაფორმებული საოჯახო სასტუმრო ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია.
სასტუმრო ყველა სეზონზე მუშაობს, თუმცა ევროპელი ტურისტების სიმცირე სასტუმროს საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა, რაზეც თემურ გუგეშაშვილმა Business Insider Georgia-თან ისაუბრა.
„რაჭა მსოფლიომ ძირითადად ჩვენი ტურისტული ობიექტის მეშვეობით გაიცნო, წლების განმავლობაში არაერთი ქვეყნის ელჩი და დიპლომატი გვსტუმრობდა.აქტიურად ვმასპინძლობდით სტუმრებს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოდან.
ახლაც არიან ევროპელი დამსვენებლები, მაგრამ მცირე რაოდენობაა. ამ დროს პანდემიამდელ პერიოდში სხვა სასტუმროს დაქირავება მიწევდა, რადგან საკუთარი სივრცე საკმარისი არ იყო. არ მგონია, რომ წელს ეს მოცემულობა საგრძნობლად შეიცვალოს, რეგიონის ომი ამ მხრივ დიდ უარყოფით გავლენას ახდენს.
მართალია, რუსები აქტიურობენ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ადამიანების მასპინძლობა, როცა ვიცი, რომ ქართველების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მით უმეტეს, როცა რუსები მიკავშირდებიან და ცდილობენ ადგილების დაჯავშნას, პრინციპულად ვითხოვ, რომ თქვან ,,სლავა უკრაინა“. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ამ ფრაზის თითქმის არც ერთი რუსი არ ამბობს, ძალიან უჭირთ ამის აღიარება“, - ამბობს თემურ გუგეშაშვილი.
აღსანიშნია, რომ საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ 2008 წელს ამოქმედდა. გემოვნებით განახლებული ტრადიციული რაჭული სახლი ტურისტების საყვარელი ადგილია.
სასტუმროში დასვენების საფასური 120 ლარს შეადგენს.
უახლესი
26 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა