დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით განვაგრძობთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას - ნათია თურნავა

ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით განვაგრძობთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას - ნათია თურნავა

20-12-2023 14:00:00

ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით განვაგრძობთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5 პროცენტამდე შემცირებას.

თურნავას თქმით, მომავალში თუ კი რაიმე მოულოდნელი გარე შოკი არ დაფიქსირდა, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას კვლავ გააგრძელებს. 

„დღეს სებ-ში ჩატარადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 0,5%-ით შევამცირეთ პოლიტიკის განაკვეთი. დღეიდან ის 9,5%-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.

გამომდინარე იქედან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელიც არის საკმაოდ დაბალი და მიზნობრივ 3%-თან ახლოს და ჩვენი მოლოდინებიც არის, რომ მომავალში თუ კი არ მოხდა რაიმე მოულოდნელი გარე შოკი ან რისკი ჩვენ კვლავაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. რა თქმა უნდა ძალიან დეტალური დაკვირვებით გარემო პირობებზე.

იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მანდატი არის ვუზრუნველყოთ ფასების დონის სტაბილურობა და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს ინფლაციის პროგნოზებს. დღეს ეს პროგნოზები და რეალური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ასეთი შემსუბუქება ფრთხილი ნაბიჯებით გავაგრძელოთ“, - განმარტავს თურნავა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია.

ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო,  მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.

დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა.

საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს.

ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები