დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს არ არის რუსული წარწერა, თუმცა შეფუთვას შევცვლით - „კულას“ დირექტორი

ეს არ არის რუსული წარწერა, თუმცა შეფუთვას შევცვლით - „კულას“ დირექტორი

04-09-2023 15:00:02

ეს არ არის რუსული წარწერა, ეს „კირილიცა“, თუმცა შეფუთვას შევცვლით,  - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  კომპანია „კულას“ დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით,„ კირილიცას“ შრიფტის გამოყენებით  წარწერა (კირილიცა - ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანია ორიდან, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს) „კულას“ წვენების მუყაოს შეფუთვაზე 2014 წლიდანაა დატანილი. 

„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე არ გადის რუსეთში. ეს წარწერა დატანილია მუყაოს შეფუთვაზე, თუმცა სხვა მხარეს აქვს წარწერა ინგლისურ და ქართულ ენებზე. აქამდე ეს ფაქტი არავის გაუპროტესტებია. ახლა არ ვიცი რა ხდება. ვფიქრობ, ქულების ჩაწერის მიზნით პროვოკაცია მოგიწყვეს. კომპანიის შიდა უსაფრთხოების სამსახური არკვევს თუ ვინ გაავრცელა ინფორმაცია და რა არის მათი მიზანი“, - აცხადებს ვანო გოგლიძე. 

მისივე თქმით, კირილიცას იყენებს 14 ქვეყანა, მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, სერბეთი, რუმინეთი.

რაც შეეხება შეფუთვაზე რუსული  წარწერის შეცვლის საკითხს, როგორც ვანო გოგლიძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში შექმნილ აჟიოტაჟს არ უკავშირდება.

„კულას“, როგორც ბრენდს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და ახალ შეფუთვაზე „კირილიცას“ შრიფტის გამოყენებით წარწერა აღარ იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი  Business Insider Georgia-თან. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში გავრცელდა მუყაოს შეფუთვაში ბრენდ „კულას“ წვენის ფოტო, რომელზეც რუსული წარწერაა დატანილი. რასაც Facebook-ზე საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები