პიცერია „ნაპოლი”, რომელიც ნეაპოლიტანურ პიცის მოყვარულებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია, 3 წელია ბაზარზეა და მსურველებს 14 სახეობის პიცის დაგემოვნების საშუალებას აძლევს. პიცერია „ნაპოლის“ დამფუძნებელი მამუკა კილაძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ „ნაპოლის“ მიმართულება არტიზანული სამზარეულოა, რომლის უპირატესობაც ხარისხი და არტიზანიზმია.
- რამდენი ხანია რაც „ნაპოლი“ ბაზარზეა და რატომ ეს სახელი?
- პიცერია „ნაპოლი“ თითქმის სამი წელია უკვე ბაზარზეა. პირველი ობიექტი საგურამოში გვქონდა. შემდეგ კი თბილისში გადმოვედით. სახელი „ნაპოლი“, პირდაპირ კავშირშია ჩვენი პიცის მიმართულებასთან. რამდენიმე სახის პიცა არსებობს. ჩვენ „ნაპოლიში“, ნეაპოლიტანურ პიცას ვაცხობთ. აქედან მოდის სახელი „ნაპოლი“.
- რა არის დღეს „ნეაპოლის“ უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში, რატომ უნდა მოვიდეს კლიენტი თქვენთან?
- „ნაპოლის“ ბრენდის ბირთვი არის ხარისხი და არტიზანიზმი. პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს მიერ არის შემოტანილი იტალიიდან. ასევე, ვცდილობთ სტუმრებს შევთავაზოთ ‘Farm to table’ კონცეფციაც. ბაზილიკს, რომელსაც ჩვენ პროდუქტში ვიყენებთ ჩვენივე ბოსტანშია გაზრდილი. უმრავლესობა პროდუქტისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ადგილზეა დამზადებული. ვფიქრობ ეს გამოგვარჩევს ჩვენი კონკურენტებისგან და სწორედ ამით ვინარჩუნებთ ჩვენს ხარისხს.
- რამდენი სახეობის პიცა ცხვება „ნეაპოლში“ და იგეგმება თუ არა ასორტიმენტის ზრდა?
- „ნაპოლიში“ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს 14 სახეობის პიცა. ყველა ეტაპზე პიცების ასორტიმენტის ზრდა ხდება ხოლმე. პიცის ფასი იწყება 24.5 ლარიდან.
- გარდა პიცისა რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს და ზოგადად როგორია მომხმარებლების სტატისტიკა?
გადანაწილება, რომ მითხრათ ქართველი VS უცხოელი. რომელი სახეობის პიცებს ანიჭებს ქართველი მომხმარებელი უპირატესობას და რომელს - უცხოელი?
- პიცის გარდა მომხმარებელს ვთავაზობთ პასტებს, სენდვიჩებს, დესერტებს, ასევე საუზმის პროდუქციას კროასანებს, დანიურ ფუნთუშებს და პლეას. ასევე სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ ჩვენივე დამზადებული პურის სხვადასხვა სახეობა, როგორიცაა ბრიოში, ცეხვილი, ჩაბატა. ჩვენ გვსტუმრობენ ქართველი და ასევე უცხოელი სტუმრები. ერთ-ერთი პოპულარული პიცა უცხოელ და ქართველ მომხმარებელს შორის არის ჩორიზო კრემ ყველით.
- სხვების მსგავსად თქვენთანაც დგას თუ არა კადრების დეფიციტი და ძირითადად რა ტიპის ვაკანსიები გაქვთ?
- ჩვენი მუშაობის იერარქია არ ითვალისწინებს შუა რგოლს. როგორც დამფუძნებელი მე თვითონ ვუთმობ ძალიან დიდ დროს სამზარეულოში მუშაობას. ყველაზე პრობლემურ პოზიციას წარმოადგენს სერვისში მომუშავე კადრები. ვაკანსიებიც უფრო ხშირად სერვისში გვაქვს.
- თქვენს გაყიდვებში რა წილი აქვს სწრაფი მიტანის სერვისებით გაყიდვებს და რამდენად მზარდია, ან პირიქით ეს მიმართულება?
- ჩვენი მიმართულება არტიზანული სამზარეულოა, ვცდილობთ რომ სტუმრები ადგილზე მოვიზიდოთ და შეუქმნათ გარემო და სივრცე სადაც ნეაპოლიტანურ პიცას გასინჯავენ. რა თქმა უნდა დღევანდელი კვების კულტურიდან გამომდინარე მიტანის სერვის საკმაო წილი უკავია ჩვენი გაყიდვების. ჩვენი ზრდის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუმარი რომელიც ადგილზე მირთმევს ჩვენ პროდუქტს და ისიამოვნებს გარემოთი რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. სხვა გამოცდილებაა როდესაც ადგილზე ღუმელიდან იმწუთს მორთმეულ პიცას შეექცევი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი