საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე, მხარდაჭერაზე და არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას მასპინძლობს.
სწორედ ამ მიზნით, სებ-ის ინიციატივით, სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.
ეროვნული ბანკის გუნდმა სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაციები ეროვნული ბანკის საქმიანობისა და დეპარტამენტების ფუნქციების შესახებ და გააცნო სტაჟირებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
„დღეს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, ეს არის "სტაჟირების და კარიერული განვითარების ფორუმი".
მოხარულები ვართ, რომ დღეს სტუდენტების მხრიდან ასეთი მაღალი დაინტერესება და ჩართულობა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი გზავნილი გვინდოდა მიგვეტანა სტუდენტებამდე, რომ ეროვნული ბანკი არამხოლოდ პროფესიონალებთან ურთიერთობის გამოცდილებას, არამედ განათლების და მუდმივად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის ასპარეზი, არამხოლოდ ცოდნის რეალიზების, არამედ ახალი უნარების და გამოცდილების შეძენის. სტაჟირების ფორუმში ჩართულ სტუდენტებს სამომავლოდ როგორც კარიერული, ასევე პიროვნული ზრდისთვის საინტერესო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა.
უახლესი