საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2023 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.2% შეადგინა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად 2023 წლის პირველ კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებელთან შესადარის დონეზეა.
კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოს ფარგლებში და წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.
კონტრციკლური ბუფერის დაცვა ხდება ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით და განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. იგი დგინდება ყოველკვარტალურად და ცვლილების შემთხვევაში ხდება კონტრციკლური ბუფერის 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით შეცვლა. განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორებიცაა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა.
უახლესი
33 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს