ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ სებ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს ეროვნულ ბანკში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მარტივ საკითხს მოვიყვან, იგივე რეფორმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნება ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული რეფორმები,თუ ეროვნული ბანკის კანონთან, სხვადასხვა ცვლილების შეტანა, რაც პერიოდულად ხდება, შეუძლებელია მხოლოდ ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს, თუკი მას არ ექნება მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მთავრობასთან და რა თქმა უნდა, პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტთან. ეს ერთი მაგალითი.
მეორე კარგი მაგალითი იქნება ინფლაციასთან ბრძოლა და მისი დაძლევის პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და ფუნქციაა, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტურია, როცა ეს ხდება მთავრობასთან კოორდინირებულად. მაგალითად ეროვნული ბანკი ატარებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. ამავდროულად კი მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და წამლების ფასი მცირდება. იგივე თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან, საბიუჯეტო პოლიტიკა დაკავშირებულია მონეტარულთან. ის რომ მე ვმუშაობდი მთავრობაში დამეხმარება ეფექტურ კოორდინაციაში“, - აღნიშნა თურნავამ.
უახლესი