ემისიიდან ემისიამდე მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მეტ ნდობასა და კომპანიის სტაბილურობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ კომპანიის მიერ 120 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიის შეფასებისას განაცხადა.
თემურ ალექსანდრია მიიჩნევს, რომ „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციების ვადიანობა ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტოა. მოზიდული თანხებით კი კომპანია თანამედროვე ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს.
„დიახ, სს "ნიკორა ტრეიდმა" 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ემისიიდან ემისიამდე მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მეტ ნდობასა და კომპანიის სტაბილურობაზე მიუთითებს. ასევე ხაზგასასმელია ემისიის გამოშვების ვადაც, რაც უპრეცედენტოა ქართული ბაზრისთვის. პირველ რიგში, მადლიერებას გამოვხატავ ჩემი გუნდისა და შემდეგ უკვე თიბისი კაპიტალის მიმართ, რადგან სწორედ მათთან ერთად განვათავსეთ აღნიშნული ობლიგაციები.
მოზიდული სახსრები გამოყენებული იქნება თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაში, რაც მნიშვნელოვანი პროექტია. ეს ცენტრი გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს და გახდის მას უფრო ეფექტურს. ნაცვლად იმისა, რომ მაღაზიებში ცალ-ცალკე მივიღოთ პროდუქცია, ამის გაკეთე ერთ წერტილში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ცენტრალიზებულად განაწილდება. ეს გამოიწვევს პროდუქტის ხელმისაწვდომობის ზრდას მაღაზიებში. როგორც იცით, გვემსახურება ასეულობით პარტნიორი, და ბუნებრივია, მათ მიწოდების ერთნაირი ხარისხი ვერ ექნებათ. ამ შემთხვევაში კი მიწოდების ჯაჭვი სრულად ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. ასევე, შემცირდება პროდუქტების დანაკარგი, რაც დღეს მსოფლიოში დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ კომპანიის საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს მთლიან სექტორზე და მომხმარებლებზე.
ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. აღნიშნული პროექტი კი მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც, რადგან შემცირდება სადისტრიბუციო ფლოტი, რაც ნიშნავს, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანების რაოდენობა დაიკლებს. ასობით მცირე ზომის მანქანის ნაცვლად, პროდუქტებით მხოლოდ ერთი ადგილი მომარაგდება, ხოლო შემდეგ, დიდი მოცულობის სატვირთო მანქანებით, ღამის საათებში მოხდება პროდუქციის განაწილება სავაჭრო წერტილებში“, - განმარტავს თემურ ალექსანდრია.
აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკური ცენტრის თავზე განთავსდება მზის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრის მუშაობას ელექტროენერგიით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მწვანე ენერგიის მიმართულებითა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების გზაზე იქნება გადადგმული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან სს „ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
უახლესი
2 საათის წინ
„არქი“ ლისი სანრაიზის პროექტს იწყებს3 საათის წინ
ლარი ევროსთან კიდევ გამყარდა