მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად „პურის ფესტივალს“ გამართავს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში წელს მეხუთედ ტარდება. მისი მიზანი ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენა და პოპულარიზაცია, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და გაყიდვების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წახალისება.
როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ფესტივალის მიმართ ტრადიციულად დიდი ინტერესია, რაც ემსახურება როგორც დარგის, ასევე ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
„ფესტივალი ხელს უწყობს ხორბლის მივიწყებული ჯიშების პოპულარიზაციას, რომლის მიმართაც უფრო და უფრო იზრდება ინტერესი. მსგავსი ღონისძიებები ეხმარება ადგილობრივი პროდუქციის და რეგიონის წინ წამოწევას და წარმოჩენას, ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი და საინტერესო ფესტივალი ტარდება.
კარგია, რომ ადგილობრივი მმართველობაც არის დაინტერესებული, ამ შემთხვევაში, ფესტივალი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მას კარგად იცნობენ არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის გარეთაც ძალიან პოპულარული ფესტივალია. მაღალ აქტიურობას ველოდებით წელსაც როგორც ადგილობრივი მოქალაქეების ასევე ვიზიტორების მხრიდან“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს. მათ შორის ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარ მესხურ ქადას, შოთსა და სომინს, ტენილ ყველს, კამეჩის მაწონს, ასევე ყველს, აპოხტს, თუთის ნაწარმს, თაფლს, ღვინოს, ქვევრის ლუდს და სხვ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ხალხური რეწვის ოსტატები, მსახიობები, მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლები რეგიონიდან და თბილისიდან.
ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა. ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
ცნობისთვის, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, რომლებსაც მოჰყავთ და/ან პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ხორბალს, აცხობენ ტრადიციულ პურს, აწარმოებენ და ყიდიან ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტს, მეურნეებს, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნესურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.
უახლესი