ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდი უშუქოდ დარჩენილი დასახლებების სიაზე მუშაობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
დეპუტატმა სამინისტროს კითხა, იგეგმება თუ არა ხევსურეთის სოფლებში ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება
„მოცემულ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას, რაც, მათ შორის, მოიცავს ხევსურეთსაც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება განახლებული სია და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებების შეიძლება გატარდეს უშუქოდ დარჩენილი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, განისაზღვრება დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს როლი ამ ღონისძიებების გატარებაში“, - აღნიშნულია რომეო მიქაუტაძის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ პასუხში.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, საქართველოში ელექტროენერგიის ქსელთან წვდომის გარეშე დარჩენილი დასახლებების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განხორციელდა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში:
2012-2013 წლებში USAID-მა განახორციელა 4 სოფლის ელექტრიფიცირების სამუშაოები; 2013-2016წწ ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებით პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში 29 უშუქო სოფელი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში; ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური;
2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
2019 წელს USAID ენერგეტიკის პროგრამამ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოახდინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის აღწერა, გამოავლინა 760 ასეთი ოჯახი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შედეგად 207 მუდმივად მცხოვრებ ოჯახს დაუმონტაჟდა 1 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები შესაბამისი აღჭურვილობით.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა