რა პროექტებზე მუშაობს სემეკი და როგორია დავით ნარმანიას სამომავლო გეგმები. დეტალებზე სემეკის თავმჯდომარემ გიორგი აბაშიშვილის „სხვა ინტერვიუში“ ისაუბრა.
- როგორც ცნობილია 2026 წელს საქართველოში ენერგეტიკული ფორუმი ჩატარდება, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს. ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ენერგეტიკის კუთხით ქვეყანაში არ მახსენდება... ამიტომ მაინტერესებს, რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ფორუმს როგორც სემეკისთვის, ასევე საქართველოსთვის? და ზოგადად, რას ველით ამ ფორუმიდან და რა იქნება მთავარი თემები საქართველოსთვის?
- სემეკისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით იმისათვის, რომ ეს სტატუსი მიგვეღო და ამ ღონისძიების ჩატარების უფლებამოსილება მოგვეპოვებინა. ეს არის მსოფლიოს ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმი, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იკრიბება პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც კი ენერგეტიკა რეგულირდება. შესაბამისად, ასეთი დონის ღონისძიებაში 150-ზე მეტი ქვეყანა და 1000-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანიზაციები, ასევე მსხვილი ენერგეტიკული საინვესტიციო ჯგუფები. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენი ქვეყნის როგორც ენერგეტიკული ჰაბის, მწვანე ენერგიის მწარმოებლის პოპულარიზაციისთვის, მეორეს მხრივ ინვესტიციების მოსაზიდად, რაც ენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ფორუმის ჩატარებას ანდობენ ქვეყანას, სადაც ენერგეტიკა განვითარებულია და სადაც მარეგულირებელი კომისია როგორც წესი დგას მოწოდების სიმაღლეზე.
როგორ მიიღება გადაწყვეტილება და როგორ მოგვენიჭა ჩვენ ეს სტატუსი: როგორც ვთქვი 2 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხზე, გადაწყვეტილება მიიღება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონული მარეგულირებელი გაერთიანებების ერთობლივი გადაწყვეტილებით კონფედერაციაზე და შესაბამისად ბოლო ფორუმი, როცა გაიმართა პერუში, სწორედ იქ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ფორუმი საქართველოში 2026 წელს ჩატარდება თუმცა კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი და ჩვენც დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს: თავისი დღის წესრიგით, თავისი პროტოკოლური საკითხებით და ასე შემდეგ.
მნიშვნელოვანი სამი მიმართულება იქნება, პირველი ეს იქნება განახლებადი ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციები გაკეთდება.
ასევე აქცენტი იქნება ინოვაციებზე, ინოვაციური მართვის საკითხები, როგორც წესი არის ყოველთვის აქტუალური და ენერგეტიკა, როგორც უმნიშვნელოვანესი სექტორი, ხშირად არის კიბერშეტევის ობიექტი.~
შესაბამისად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ფორუმზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვენიჭა ამ ფორუმის ჩატარების უფლებამოსილება.
სხვათაშორის ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა ადრე არასოდეს არ ჩატარებულა ასეთი ფორუმი. ტარდებოდა აშშ-ში, კანადაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს არის ერთის მხრივ მნიშვნელოვანი პატივი და გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიებას საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარებთ. მით უმეტეს, რომ გვაქვს სხვადასხვა რეგიონული ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება, როგორც სემეკს, ასევე მეც პირადად. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიებას ჩავატარებთ ისეთ დონეზე, რომ შემდეგ ეს იქნება სამიზნე მაჩვენებელი სხვა ფორუმებისთვის.
- რამდენად აქტიურად აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი ფორუმის საქმიანობაში?
- ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე თავისთავად იქნება კერძო სექტორი. მარეგულირებელი სექტორს არეგულირებს, რომ სწორი ბალანსი იყოს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის. ამ შემთხვევაში მიმწოდებლები ენერგიისა, მისი მწარმოებლები სწორედ კერძო სექტორია, ისევე, როგორც მომხმარებლების გარკვეული ნაწილიც კერძო სექტორია. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი და ჩვენთან არსებული საინვესტიციო ჯგუფები ჩართულები იქნებიან ამ ღონისძიებაში. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს უნდოდეს კიდეც, რომ იყოს ღონისძიების მთავარი სპონსორი, თანამონაწილე, ორგანიზატორი. ესეც დასაშვები და მისაღებია. ისევე, როგორც ერთი, ორი წარმატებული ქეისის პრეზენტაცია გაკეთდეს ქართული საინვესტიციო ჯგუფების მიერ. ასე, რომ ეს პრაქტიკული ნაწილი ამ რეგულირების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს კიდევ უფრო მეტად შეავსებს და ფორუმს მეტად საინტერესოს გახდის. ასევე, ეს ფორუმი იქნება საშუალება, სხვადასხვა ქვეყნებს შორის ბიზნესჯგუფების კოლაბორაციისთვის.
- სემეკი გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მომსახურების სფეროში, რას გაამარტივებს AI და როგორი იქნება ენერგეტიკის ყველა სფეროში მისი დანერგვის პერიოდი?
- ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი გადმოსახედიდან, მომხმარებლებთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს და შესაბამისად, უნდა გაუმარტივოს კომუნალური სერვისების მიღების პროცესი.
ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს საინფორმაციო ველში, ცხელ ხაზებში, სადაც პერიოდულად არის გადატვირთულობა. როცა პირობითად კომუნალური მომსახურების წყვეტაა, ტრანსფორმატორს აქვს ზიანი ან ვთქვათ წყალმომარაგების ქსელი გამოვიდა მწყობრიდან ერთი უბნიდან ყველა ერთდროულად რეკავს ცხელ ხაზზე. ამიტომ ცხელი ხაზი ასეთ დროს არის გადატვირთული.~
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ასეთ პერიოდში ცხელ ხაზებში, სადაც მომხმარებლის დარეკვის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად გასცემს პასუხს, თუ რა ავარიაა და როდის იქნება აღმოფხვრილი. ჯერ დავიწყებთ ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ სადაც მისი გამოყენება გაამარტივებს ურთიერთობას და ადამიანის რთულ შრომას ჩაანაცვლებს მოხდეს ეტაპობრივად ჩანაცვლება. ამიტომ პირველი ეტაპისთვის ჩვენ ავიღეთ მსხვილი კომუნალური კომპანიები, როგორებიც არის GWP, თელასი, ენერგო პრო, გაზის კომპანიები და სხვა. საწყისი ეტაპი უკვე მიმდინარეობს ანუ უკვე ხელოვნური ინტელექტისთვის სწავლება, რომელიც მან შემდგომ პრაქტიკაში უნდა განაზოგადოს და მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მართლაც გაამარტივებს ურთიერთობებს კომუნალურ კომპანიებთან. ავარიის დროს ოპერატორი შეიყვანს მონაცემებს და შემდგომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე უპასუხებს ყველას, ვინც აღნიშნულ საკითხზე დარეკავს.
- როგორ მიმდინარეობს რეფორმა ენერგეტიკულ ბაზრებზე და კიდევ რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით?
- არსებობს ერთი ასეთი ქართული გამოთქმა „იჩქარე ნელა“. ანუ საკმაოდ გეგმაზომიერად მივდივართ ენერგეტიკის სექტორში რეფორმების კუთხით. ძალიან სწრაფად ამ ყველაფრის გაკეთება არ გამოვა, იმიტომ, რომ პირველად ხორციელდება ჩვენთან ასეთი რეფორმა.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი რეფორმის დროს ვსწავლობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, მერე უკვე ჩვენს რეალობასა და ამოცანებს ვარგებთ ამ ყველაფერს. სწორედ ასე მუშავდება ახალი მარეგულირებელი ნორმები და აქტები, რომელიც კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა. 2019 წლის ბოლოს მიღებული იყო ახალი კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ და ამის შემდეგ სემეკმა 30-ზე მეტი ახალი რეგულაცია შეიმუშავა და დანერგა. მათ შორის აბსოლუტური უმეტესობა არის სრულიად ახალი რეგულაციები, ახალი მიდგომები. მაგალითად, არ არსებობდა ბაზრის მონიტორინგის წესი და საკმაოდ დიდი დოკუმენტი შეიქმნა და არაერთი ასეთი რეგულაცია იქნა მიღებული.
მთავარი არის ის, რომ ველოდებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში მთავრობის გადაწყვეტილებას ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა მოხდება მაშინ როდესაც გეოპოლიტიკური რისკები იქნება განეიტრალებული, შემცირებული. ვინაიდან სარისკო პირობებში როცა ენერგიაზე ჩვენს რეგიონში მაღალი ფასებია, ბაზრის გახსნა ავტომატურად გამოიწვევს ჩვენთან ელექტროენერგიის ფასის გაზრდას. ჩვენ პირიქით გავაკეთეთ ახლა, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური რისკები გარკვეულწილად იყო გადაზღვეული და მეორეს მხრივ გვქონდა კარგი ჰიდროლოგია, ამან ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ ელექტროენერგიის ტარიფები შეგვემცირებინა. პირველად გაკეთდა ასეთი მასშტაბური გადაანგარიშება, როცა დედაქალაქშიც და რეგიონშიც ყველა მომხმარებლის ტარიფი შეუმცირდა.
- ნაკლებად მახსენდება სემეკისგან ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება?
- ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რასაც მინდა რომ ხაზი გავუსვა, როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური, სამართლიანობის თვალსაზრისით. რეალურად ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მოგვცა კარგმა ჰიდროლოგიამ, ანუ უფრო უხვმა ნალექებმა და ჰიდროელექტროსადგურების მიერ მეტი ენერგიის გამომუშავებამ, ვიდრე თავის დროზე გვქონდა პროგნოზირებული. განსაკუთრებით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული იყო გაცილებით მეტი ენერგია და თან იცით, რომ ენგურჰესის ტარიფს ვადგენთ ჩვენ, მარეგულირებელი კომისია და ის არის ყველა სხვა ჰიდროელექტრო სადგურზე დაბალი.
შესაბამისად, დაბალი ფასით წარმოებული გაზრდი ენელექტროენერგიის მოცულობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეგვემცირებინა ტარიფები. თან ენგურჰესზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი განხორციელდა და ენგურჰესი და მისი გვირაბი გარემონტა. დანაკარგები შემცირდა და ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით გადაწყვეტილება ტარიფის 3 თეთრით შემცირებასთან დაკავშირებით იყო მიღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 3 წლით შევინარჩუნებთ არსებულ ტარიფებს. ანუ ამ შემცირებული ტარიფებით იოპერირებენ კომპანიები 3 წლის განმავლობაში.
- აი რატომ გვჭირდება მეტი ჰესი...
- დიახ სწორედ იმიტომ გვჭირდება მეტი ჰესი, რომ ერთის მხრივ განახლებადი ენერგიაა, ანუ მწვანე ენერგიაა. და მეორეს მხრივ ჰესები განსაკუთრებით ე.წ. კაშხლიანი ჰესები, რომლებსაც შეუძლია რეგულირება ანუ წყლის დაგროვება, როცა დეფიციტი გაქვს სისტემაში ამ პერიოდში არა იმპორტი, არამედ ამ შენი დაგროვებული წლით ენერგიის გამომუშავება
- რა პოტენციალია განახლებადი ენერგიების კუთხით და რა პოლიტიკა აქვს სემეკს?
- განახლებადი ენერგიების განვითარება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს წერია სტრატეგიულ დოკუმენტებში, გადაწყვეტილებებშიც და მთავრობის მიერ მიღებული ახალი წესი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან დაკავშირებით არის სწორედ ამაზე ორიენტირებული. ისევე როგორც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მიკრო სიმძლავრის, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო.
სემეკმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება და 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზარდა განახლებადი ენერგიის ქსელში პირდაპირ, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის პანელების, ქარის მიკრო სადგურის, წყლის მიკრო სადგურების დადგმული სიმძლავრე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მხრიდან და დღეის მდგომარეობით 65 მგვტ-ზე მეტი ასეთი განახლებადი ენერგიაა სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დადგმული და 1000 ერთეულზე მეტი ასეთი მიკრო ობიექტებია მზის პანელების სისტემის თუ მიკრო ჰიდრო სადგურების სახით ქვეყანაში შექმნილი. ანუ 65 მგვტ დამატებითი ენერგიის წყარო გაჩნდა.
ჩვენს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით მომხმარებლები გამომუშავებულ ენერგიას თვითონვე მოიხმარენ და ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში ჩვენს მიერ დადგენილი წესებით წელიწადში ერთხელ, 1-ელი მაისისთვის მოახდენენ ანგარიშსწორებას. ანუ ისინი მიიღებენ ჩვენს მიერ დადგენილო ტარიფით შემოსავალს.
კიდევ მნიშვნელოვანი თემა, რაც კეთდება ეს არის ახლახან დასრულდა მეორე აუქციონი, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ მიიღო საინვესტიციო პროექტები, განახლებად ენერგიებზე, როგორიცაა ქარის ენერგია, მზის ენერგია და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროები. ამით კიდევ უფრო მეტი განახლებადი ენერგია შეიქმნება.
გასული წლის მაჩვენებლები, რომ შევადაროთ ჩვენთან მოხმარებული ენერგიის 75%-ი არის განახლებადი ენერგია. ეს არის ძირითადად ჰიდრო, ქარის ენერგია, წამოვიდა მზის ენერგიის პროექტებიც და ეტაპობრივად ეს მაჩვენებელიც უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ გაქვს გარკვეული ვალდებულებები მათ შორის ევროკავშირის წინაშე, რომ განახლებადი ენერგიების წილი უნდა გაიზარდოს, ემისიები შემცირდეს და ასე შემდეგ. ასევე არის მერების შეთანხმება, რომელსაც თბილისი შეუერთდა და ეტაპობრივად ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლა უნდა მოხდეს. ელექტრომობილების გამოყენება უფრო ფართო ხასიათს იძენს და ამიტომაც გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. რაც მეტი ელექტრომობილი შემოვა ჩვენს ქვეყანაში მით უფრო გაიზრდება მავნე ენერგიაზე მოთხოვნა.
ჩვენს გარდაბანში გვაქვს რამდენიმე თბოსადგური, საიდანაც ნაწილი კერძოა, ნაწილი სახელმწიფოს კუთვნილებაა, რომლებიც მუშაობენ გაზზე და არ არიან მწვანე ენერგიის მწარმოებლები, მაგრამ ძირითადად ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არიან გარანტირებული სიმძლავრის წყაროები. ამიტომ, როცა ენერგიის დეფიციტი ჩნდება მოკლევადიან პერიოდში მუშაობენ მეტად, ან ძვირიან იმპორტს ანაცვლებენ შედარებით დაბალფასიანი ენერგიის წარმოებით. გარკვეული მარეგულირებელი ფუნქცია გააჩნიათ მათ.
- წყალმომარაგების სექტორში რა ხდება, რა ინვესტიციებია სემკთან შეთანხმებული და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
- მარეგულირებელმა კომისიამ თავის დროზე, როდესაც „აქვალია“ შემოდიოდა GWP-ში და იყიდა კომპანიის 80%-იანი წილი, ჩვენს მიერ გაიცა თანხმობა. იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიასთან საჭიროებს ეს საკითხი. ჩვენ კომპანია „აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გრძელვადიანი ამოცანა აქვს. მისი ამოცანა კი არის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს წყალმომარაგების სექტორში და უკეთ გაიმართოს წლის მიწოდების სისტემა, შემცირდეს ავარიები და საბოლოო ჯამში მომხმარებელი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. ამ თვალსაზრისით რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მათ გასული წლის ბოლოს მოიტანეს საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომისიამ დეტალურად განიხილა.
ჩვენთან არსებული საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმების ქვეშ გავატარეთ ეს პროექტები. 600 მლნ-ზე მეტი იყო მოტანილი პროექტების საინვესტიციო ღირებულება, საბოლოო ჯამში 364 მლნ-მდე შევითანხმეთ თბილისის, რუსთავის და მცხეთის მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც კომპანია ოპერირებს.
ასევე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაცემული რეკომენდაციით, თბილისის წყალი და რუსთავის წყალი გაერთიანდა და დღეს GWP ოპერირებს სამივე მუნიციპალიტეტში. ამით ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მოხდება, მეორეს მხრივ მმართველობითი ეფექტიანობა გაიზრდება. ამიტომ 1-ლი იანვრიდან ერთი კომპანია ოპერირებს. ჩვენ მათ ახალი ტარიფი დავუდგინეთ. ტარიფის ზრდა შეეხო ამ ეტაპისთვის, მხოლოდ, კომერციულ სექტორს და 3 წლის განმავლობაში აქაც წყალმომარაგების ტარიფები იქნება უცვლელი. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებულმა პროექტებმა უნდა შეამციროს ავარიები. ანუ სადაც მასშტაბური, ხშირი ავარიებია და მომხმარებელს ხშირად წყალმომარაგება უწყდება იქ უნდა გამოიცვალოს წყალმომარაგების სისტემები, უნდა გაუმჯობესდეს სატუმბი სადგურები, სადაც წნევის პრობლემებია და არ მიეწოდება მომხმარებელს საკმარისი წნევით წყალი იქ უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკური რეგულირება და მოიმატებს წნევები. არის ასევე ცალკეული სატუმბი სადგურები გასაკეთებელი. ამ ყველაფერს მოემსახურება ის ინვესტიციები, რომელიც ჩვენ შევითანხმეთ.
სემეკის არამხოლოდ ინვესტიციებს ითანხმებს, არამედ შემდეგ ახორციელებს ამ ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების მონიტორინგს. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, ერთ-ერთა მათ შორის თბილისში გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვლება წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები. რადგანაც ძალიან ხშირია აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიები და როდესაც იქ ავარიებია მთელი მიკრორაიონები ითიშება. კომპანიას ტექნიკური პროექტი უკვე მზად აქვს, რომ სამუშაოები მალე დაიწყოს და პრობლემა მოგვარდეს. „აქვალიას“ 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირების გამოცდილება აქვს და არიან სტრატეგიული ხედვით, სწორი ხედვით განვითარებასთან დაკავშირებით. რა პრობლემები არსებობს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, იმიტომ,რომ მარეგულირებელს პულსზე უდევს ხელი. იგივე ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ კომპანიას ართმევს ფულს და უბრუნებს მომხმარებელს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რადგანაც ჩვენ გაქვს 2 კომპონენტიანი ტარიფი. ტარიფი, რომელსაც ვადგენთ შედგება წყალმომარაგების და კანალიზაციის ტარიფისგან და შესაბამისად არის ცალკეული უბნები, სადაც ჯერ არ არის განვითარებული საკანალიზაციო ქსელი და შესაბამის მომსახურებას არ ეწევა და დარიცხვას ახორციელებდა სრული ტარიფით.
ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომპანია დაჯარიმდა და 6 მლნ ლარზე მეტს მომხმარებელს უკან დაუბრუნებს. შესაბამისად ახლა ხდება ამ ბაზების დალაგება/მოწესრიგება. უფრო სწორედ მომხმარებელს ეს თანხა ბალანსზე დაუჯდება და მოხდება შემდეგ გამოქვითვა.
- მინდა გკითხოთ სემეკის შენობის შეძენაზე, რასაც ოპონენტების მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა. დამოუკიდებელ სტრუქტურას კარგია რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი და მასში არ უწევდეს ქრის გადახდა, რაც საბოლოო ჯამში ალბათ შენობის ღირებულებაზე მეტიც გამოვა. როდის მოახდინეთ მისი შეძენა და რა იცვლება ამით სემეკის ცხოვრებაში?
- შენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დღეს კომისიას გააჩნია საკუთრებაში არსებული ფართი. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში სემეკი და რამდენიმე ადმინისტრაციული დაწესებულება გადაიყვანეს ქუთაისში. შესაბამისად, როცა სემეკი მუშაობდა ქუთაისში იქ მას შენობა არ ჰქონდა. შენობისთვის დაახარჯვინეს ფული, შემდეგ ეს შენობა გაუყიდეს. შემდეგ, როცა სემეკი თბილისში დაბრუნდა მას შენობა არც ქუთაისში ჰქონდა და არც თბილისში.
2013 წლიდან 2023 წლამდე, 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ნაქირავებ შენობაში და საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა იჯარაში. ამიტომაც კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით თანხას და შესაბამისად შენობა, რომელსაც ვქირაობდით შეფასდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ და მოხდა ამ შენობის შეძენა. დღეს კომისიას, როგორც გამართულ ადმინისტრაციულ დაწესებულებას აქვს თავისი, ენერგოეფექტური შენობა. შენობის სახურავზე განთავსდა მზის პანელები და დიდწილად საკუთარ ენერგიას მოვიხმართ. მე როგორც ეკონომისტი ყოველთვის ციფრებით ვუყურებ და გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც ციფრებიდან გამომდინარე ვიღებ. თუ ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი ვიქირავებდით ჯამში ამ შენობის ქირაზე გადახდილი თანხები იმაზე მეტი იქნებოდა ვიდრე მისი შეძენა.
ამიტომ მივიღეთ შეძენის გადაწყვეტილება და ამიერიდან შენობის იჯარაზე კომისია თანხას აღარ დახარჯავს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის თუ ევრონაცების მიერ თემის აწევა, რომ სემეკმა შენობა შეიძინა და ამით დაიქცა ქვეყანა, რეალურ საფუძველს მოკლებულია. მე მათ გავახსენებთ, თავის დროზე კომისიას როგორ დაახარჯვინეს ფული შენობის მშენებლობისთვის და მერე როგორ გაუყიდეს ეს შენობა. საინტერესო რაღაცას გამოვაქვეყნებთ თუ კიდე გააგრძელებენ ამ თემაზე პედალირებას.
- სემეკის შენობის თავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, ანუ სემეკი მაგალითს გვაძლევს?
- ჩვენ არამხოლოდ თეორიულად რეგულაციებს ვადგენთ, არამედ მაგალითის სახით გავაკეთეთ ჩვენი შენობის სახურავზე მზის პანელები, დაახლოებით 80 კვტ სიმძლავრის, გვაქვს საკუთარი ენერგია და ამით შევამცირეთ გარედან ენერგიის მიღება და მწვანე ენერგიის განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ.
უახლესი