არსებული სახით რესპუბლიკური საავადმყოფოს გარე ფასადების ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება, - ამის შესახებ აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.
„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია -
ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.
2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაცია იგეგმება, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკის დემონტაჟი გარდაუვალი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეყრდნობა.
ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.
უახლესი