დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
E60 Shipping Line-ს კუთვნილი „დიოსკურია“ მალე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვა - კომპანიამ კონსტანციდან სარკინიგზო ვაგონების ტრანსპორტირებაც დაიწყო

E60 Shipping Line-ს კუთვნილი „დიოსკურია“ მალე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვა - კომპანიამ კონსტანციდან სარკინიგზო ვაგონების ტრანსპორტირებაც დაიწყო

28-01-2025 12:00:00

სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ს კუთვნილი ხომალდი „დიოსკურია“ მალე საქართველოს ტერიტორიულ წლებში შემოვა. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა, ხომალდი კონსტანციდან უკვე თავის პირველ რეისს ასრულებს და ასევე პირველად საქართველოში 30 იანვარს შემოვა. საზღვაო ხომალდი. რომელიც E60 Shipping Line-მა გასული წლის ბოლოს იყიდა,  100%-ითაა დატვირთული და ფოთის პორტში შემოიტანს, როგორც ტრანზიტულ, ისე საქართველოსთვის 12განკუთვნილ ტვირთებს.

„დიოსკურია“ უკვე ქართული დროშის ქვეშაა რეგისტრირებული და ემსახურება ქართული ეკიპაჟი.

„ბორანი „დიოსკურია“ იტევს 80-მდე 17 მეტრიან გამწევს მისაბმელით (ე.წ. ტრაილერს) და დამატებით შესაძლებლობა აქვს 30-მდე მსუბუქი ავტომობილი დაიტიოს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბორანი სრულად დატვირთული მოემართება და 30 იანვარს უკვე მივიღებთ. ბორანი დატვირთულია იმ ტვირთებით, რაც ევროპიდან შავ ზღვაზე მოდის და შემდეგ აქედან გაიშლება. 

გადაზიდვებზე მოთხოვნა არის. ზოგადად მეოთხე კვარტალი გადაზიდვებისთვის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია, თუმცა იანვარში მცირდება და შემდეგ ისევ ზრდას იწყებს. თუმცა მიუხედავად ამისა, იანვარია მაგრამ ბორანი სრულად დატვირთული მოემართება კონსტანციდან“, - აღნიშნა მიხელ ბაბუნაშვილმა.

E60 Shipping Line-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანია საზღვაო პარკის ზრდას კიდევ  განიხილავს, თუმცა ამ დროისათვის კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის. 

„განხილვა გაქვს პარკის ზრდასთან დაკავშირებით. ასევე მოლაპარაკებები გაქვს დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოიაზრებდეს კიდევ ერთი ბორანის დაყენებას. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.

ირკვევა, რომ E60 Shipping Line-მა კონსტანციდან უკვე სარკინიგზო ვაგონების ტრანსპორტირებაც დაიწყო. 

„ჩვენმა ბორანმა „აიამ“ ბოლო რეისზე კონსტანციდან ჩამოიყვანა რკინიგზის ვაგონები. ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ განხორციელებულა, კონსტანციდან ბორნით ვაგონების შემოსვლა არ მომხდარა არასოდეს. ზოგადად ვარნა არის ის ქალაქი, სადაც არის ვაგონების ბორბლების ცვლილების შესაძლებლობაა, რადგანაც ევროპაში სხვა სიგანის ბორბლებია, საქართველოში სხვანაირი. თუმცა რუმინეთში ჩვენმა კომპანიამ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ პროცედურები თუ როგორ გამოვცვალოთ ბორბლები და შესაბამისად, 34 ვაგონი „აიას“ ბოლო რეისით ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. თანაც ძალიან წარმატებით. კლიენტი აღფრთოვანებული იყო, რომ პროცესმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ერთი ხარვეზიც არ ყოფილა. ვაგონების გადაზიდვაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და ჩვენი მომსახურებაც შევთავაზეთ ბაზარს“, - აცხადებს E60 Shipping Line-ს კომერციული დირექტორი.

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „დიოსკურიას“ გარდა E60 Shipping Line ფლობს ბორან „აიას“ (კომპანიის საკუთრება) და  ბორან CENK-სბ (ფრახტი).

მათი მონაცემები კი ასე გამოიყურება: 

ბორანი „აია“: 

რეგისტრის კლასი: RINA register 100A5 Rail / Ro-Ro ferry

აშენებულია:1995 წელს

ბორანი “AIA” აშენდა 1995 წელს, რომელიც შეისყიდა და გარემონტდა E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

ბორანი CENK:

რეგისტრის კლასი: Turk LOYDU RORO-Passenger ship

აშენებულია: 1978 წელს

სამგზავრო - სატვირთო ბორანი „CENK T“ - აშენებულია 1978 წელს, რომელიც დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.

.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები