ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები მკაცრად გაკონტროლდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტი უკვე მზადაა, რომლის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ ყველა ძაღლის იდენტიფიცირება მოხდეს.
როგორც ბითაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ძაღლის ქუჩაში გაგდების გამო მეპატრონე მაღალ ჯარიმას გადაიხდის.
„უკვე რამდენიმე წელია, რაც შინაურ ცხოველებთან მიმართებით პრობლემებია. განსაკუთრებით იმატა ძაღლების რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს შინაური ცხოველის შეძენა. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ ხშირად ავლენენ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას შინაურ ცხოველებთან მიმართებით, რომელთაც ქუჩაში აგდებენ და მათი უკონტროლოდ გამრავლება ხდება.
ასევე უკონტროლოდ ხდება ძაღლების გასხვისება, შეჯვარება და სხვა. ცოტაა მუნიციპალიტეტებში იმ თავშესაფრების რაოდენობა, რომლებიც ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციას ახორციელებენ. ეს პრაქტიკა საერთოდ არ არის დამკვიდრებული პატრონიან ძაღლებთან მიმართებითაც.
პრობლემა ბევრია. ერთია, როცა შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობას, ტრაგიკულ ბედს ეხება საქმე და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეწუხებული არიან მომრავლებული ქუჩის ძაღლების გამო", - ამბობს მაია ბითაძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ბითაძე ყურადღებას ამახვილებს, დაკავშირებულია პატრონების მიერ ძაღლების სეირნობასთან, რაც ხშირ შემთხვევაში საშიშია.
„პატრონიანი ძაღლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან იმ შემთხვევაში, თუ მათ ალიკაპისა და საბელის გარეშე ასეირნებენ. მოქალაქეების დაკბენის არაერთი ფაქტია. სწორედ ამიტომ, კომიტეტში უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელზეც მერიამ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შესაბამისად, შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც მთელ საქართველოში დაარეგულირებს შინაური ცხოველების პრობლემას.
ჩატარდა 90-მდე ინდივიდუალური და კოლექტიური შეხვედრა, გრძელდება პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ივნისის ბოლოს კანონპროექტი დაინიცირდება.
ამჟამად კანონპროექტი პრაქტიკულად ფორმირებულია. არის საკითხები, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. განსაკუთრებით ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც მუნიციპალიტეტებს მოუწევთ, გაიღონ და თავშესაფრები შეიქმნას, რათა განახორციელონ უპატრონო ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია. თუმცა მარტო ეს ვერ შველის, რასაც თბილისის მაგალითზე კარგად ვხედავთ.
ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 70% -ით არის კასტრაცია/სტერილიზაცია გაზრდილი, მაგრამ ასევე ძალიან გაზრდილია ქუჩაში გაგდებული და გამრავლებული ძაღლების რიცხვიც. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ძაღლის ყოლა გახდეს რთული, ძვირი და პასუხისმგებლობა დაეკისროს მეპატრონეს", - აცხადებს მაია ბითაძე Business Insider Georgia- თან.
მისი თქმით, კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება და იდენტიფიცირება.
შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი ამ ჩიპირების გარეშე გაყიდოს, ან გაამრავლოს.
„აქტიურად ვიმუშავეთ FAO-თან, რომელმაც მოამზადა ელექტრონული ბაზა და მასთან წვდომა ექნება ყველა თავშესაფარს და ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე ყველა ვეტერინარულ კლინიკას, ბაზრობას, ცხოველთა ფედერაციას და მსგავს დაწესებულებებს.
ყველა მათგანი ვალდებული იქნება, რომ მათთან მოხვედრილი ძაღლი იყოს იდენტიფიცირებული, დაჩიპული. კლინიკა ბაზაში დაურეგისტრირებელ ძაღლს ვერ მიიღებს.
ბუნებრივია, ეს პრობლემას ერთ დღეში ვერ გადაჭრის, მაგრამ ეტაპობრივად მოგვარდება. ვიმედოვნებთ, რომ აღსრულებასთან ერთად ახალი კანონი იქნება ეფექტიანი, თუმცა სხვადასხვა საკითხია, რომელიც უნდა გადაიჭრას მანამდე, სანამ შედეგს მივაღწევთ.
ამასთან, ძაღლმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი, რის გარეშეც მისი მართვა რთულია. ერთხელ და საბოლოოდ ჩამოყალიბდება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, მათ შორის იმ ადამიანების მიმართებით, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. სწორედ უპასუხისმგებლობის გამო მრავლდებიან ეს ძაღლები, რომლებიც მერე პრობლემას ქმნიან", - აცხადებს მაია ბითაძე.
უახლესი