დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთიდან იმპორტის შემთხვევაში რკინიგზა ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთიდან იმპორტის შემთხვევაში რკინიგზა ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

27-09-2024 13:00:00

საქართველოსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებასა და გაუმჯობესებაზე აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები. წითელი ზღვის კრიზისის ფონზე გაზრდილმა სატრანზიტო პერიოდმა კი სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. 
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა 
მიხეილ ნამადოვმა განაცხადა,  გარდა ჩინეთიდან იმპორტისა, მისი მოსახლეობის რაოდენობიდან და მზარდი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ საინტერესო ხდება ექსპორტიორებისთვისაც.

„წითელი ზღვის კრიზისმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა საზღვაო გადაზიდვებს პირველ რიგში გაიზარდა ტარიფები და ასევე სატრანზიტო პერიოდი. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორებისთვის სარკინიგზო- საკონტეინერო გადაზიდვების შეთავაზება. დღევანდელი მონაცემებით საზღვაო ტარიფებმა დაიწყო კლება თბილისამდე დაახლოებით 40 ფუტიანი კონტეინერის ფასი 5000 დოლარის ფარგლებშია, სატრანზიტო პერიოდი კი 90 დღეზე მეტი, რკინიგზის შემთხვევაში ფასი 8500 დოლარამდე მერყეობს ჩვენი დამკვეთებისთვის და კარამდე მიტანა ხდება დაახლოებით 30 დღის ვადაში. იქიდან გამომდინარე, რომ წლის ბოლო კვარტალია, საახალწლოდ ბევრი იმპორტიორი ემზადება ნაშთების შესაქმნელად, პიკური პერიოდი კი არის სწორედ ოქტომბერი-ნოემბრის დასაწყისი, თუ საუბარია რკინიგზით ან სატვირთო მანქანით გადაზიდვაზე. გარდა იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, მისი მოსახლეობის რაოდენობიდან და მზარდი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ საინტერესო ხდება ჩვენი ექსპორტიორებისთვის. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას, რომ ქართული პროდუქცია დამატებითი გადასახადების გარეშე შევიდეს ჩინეთში. ასევე, ჩვენი ქვეყანა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი შუა დერეფნის ჭრილში, რაც ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურადაც ჩვენზე დადებითად აისახება“, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.

შეგახსენებთ,რომ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოს გარდა კომპანია 5 სხვადასხვა ქვეყანაში: უკრაინაში,ყაზახეთში,აზერბაიჯანში,თურქეთსა და ბელორუსიაშია წარმოდგენილი. კომპანია ფლობს ასევე საკუთარ ავტოპარკს და სასაწყობე ობიექტებს, ფოთსა და თბილისში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები