დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს

04-09-2023 10:00:32

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე ჯანდაცვის კომიტეტი დღეს იმსჯელებს. 

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი ექვსი სექტემბრის ნაცვლად, დაბალ რისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან.

2023 წლისთვის უნდა მომხდარიყო საპენსიო დანაზოგების დაბალრისკიანიდან სხვადასხვა რისკის შემცველ პორტფელში გადანაწილება, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ჯერ მაინც ნაადრევია, ამიტომ, ამ კანონის ამოქმედება ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„პირიქით, მეორე და მესამე მოსმენით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ყველა საპენსიო დანაზოგი იქნება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში. მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ მან, კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი შემოსავლები რისკების მიხედვით მართოს. ყველაფერი ნათელია, ვნებათაღელვა არაფერშია, ყველას დანაზოგი კანონით არის დაცული ყოველმხრივ, შესაბამისი გარანტიებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ახალი კანონპროექტის თანახმად ყველა დარჩება ავტომატურად დაბალ რისკიან პორტფელში და მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალ რისკიან პორტფელში.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალი კანონპროექტი აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელიც 2018 წელს გამოვლინდა.

„როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთთვიანი ვადა მოქალაქეებს შორის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა ამ შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ამასთან სავალდებულო უნდა გამხდარიყო, ის რომ მოქალაქეს თავად შეეფასებინა რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებს უნდა აეირჩიათ თუ სად დააბანდებდნენ დაგროვებულ საპენსიო თანხას - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები