დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული - წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს | ღვინის ეროვნული სააგენტო

დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული - წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს | ღვინის ეროვნული სააგენტო

16-09-2024 00:43:00

დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის - 47 ათას ტონამდე რქაწითელი და 53 ათას ტონამდე საფერავი, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1,50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1,50 ლარსა და მიღებულ საფასურს შორის.

ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9 300-მა ვენახე ფერმერმა დააბინავა, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 225 ღვინის კომპანია და მარანი. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს“, - აცხადებენ სააგენტოში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები