„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის მდგრადობაზე გამოკვლევას გეგმავს, რომელიც ვიზუალური და ინსტრუმენტალური მეთოდების გამოყენებით უნდა მოხდეს.
თავად კომპანიას არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი, რომელიც განახორციელებს საფეხმავლო ხიდის გამოკვლევას მდგრადობაზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმდინარე სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურებას, ვიზუალური და ინსტრუმენტალური მეთოდების გამოყენებით და ასევე საფუძვლიანი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა მდგრადობაზე.
სწორედ ამიტომ „თბილსერვის ჯგუფი“ ხიდის მდგრადობის შესამოწმებლად შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.
ირკვევა, რომ სპეციალისტის ვიზუალური დათვალიერებით ხიდის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დატვირთვის შემთხვევაში (რაც სისტემატურია) აღინიშნება ვიბრაცია და რყევა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შემდეგ ხიდის სრულყოფილი მდგომარეობის შეფასება ვერ მოხდა.
ხიდის მოვლა-პატრონობას კი შპს ‘’თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს და აქედან გამომდინარე კომპანია პასუხისმგებელია აღნიშნული საფეხმავლო ხიდი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას არ შეექმნას საფრთხე.
თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით დგას საშიშროება, აღნიშნული ხიდიდან გარკვეული დეტალების ვარდნის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა.
სერვისის შესაძენად კი სახელმწიფო კომპანიას ერთ-ერთ გზად ელექტრონული ტენდერის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აღნიშნული პროცედურების ჩატარება ხანგრძლივი პროცესია, არადროული რეაგირების შემთხვევაში კი მოცემულმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქ. თბილისის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„მოგახსენებთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ხიდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ვერ მოხერხდა. რის გამო საჭიროდ მივიჩნიეთ და მივმართეთ რამოდენიმე საექსპერტო ბიუროს. რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული ხიდის საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდება. ამის შემდგომ მივმართეთ როგორც იუსტიციის სახლს ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს საჭირო დოკუმენტაციის გადმოცემის თხოვნით, რაზეც ვერ მივიღეთ საჭირო ინფორმაცია“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ დასაბუთებაში.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა