გიზიარებთ ბლოგს: ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს. ამიტომაც ციტატის სიზუსტესა და ავტორზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ღვთის პირიდან გავარდნილ მარკ ტვენს უნდა ეთქვა: კლასიკა ის ჟანრიაო, რომელსაც ყველა აქებს და არავინ კითხულობსო.
მართლაც ეგრეა: შეაქე, განადიდე და იყავი. კაციშვილი და ძეხორციელი ვერ შემოგედავება. ჰა-ჰა საიდუმლოსავით გაგიმხილონ, რომ გული ვერ დაუდეს ან ბუნების აღწერებს გადაახტნენ. ზოგი, მეტად მოხერხებული ადამიანი თავის დაძვრენას შეეცდება და იტყვის, რომ ბავშვობაში წაიკითხა და ისიც კი აღარ ახსოვს, წიგნში რა ხდება.
მე თუ მკითხავთ არაფერია სამარცხვინო იმაში, თუკი კლასიკად შერაცხილი რომელიმე ტექსტი არ წაგიკითხავს. და თუ ტყუილების მიკიბ-მოკიბვას არ დაიწყებ, პირიქით, გულწრფელად და ალალად იტყვი, ღირსება არ მოგაკლდება, შეგემატება კიდეც.
მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ხანდახან სახლის ბიბლიოთეკის თაროებზე ასვენია ხოლმე ისეთი წიგნები, რომლებსაც ჩვენს ხელში გადაშლა არ ეღირსათ. ასეც ხდება: ხან ხასიათზე არ ხარ, ზოგჯერ სიზარმაცე დაგრევს ხელს, ხან ვინმე შეგიყვარდება და მხოლოდ დარდიან მუსიკას უგდებ ყურსა და გულს… „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“ ან და ჩვენი მიზეზები.
ერთი სიტყვით, დევს ეს წიგნი თაროზე, კარგა ხნის შესვენებული, მტვერმოდებული, სევდიანი, მარტოსული და თქვენ ვერა და ვერ მოგიხერხდათ მისი წაკითხვა. არადა იცით, რომ მაგარია. ასეთი წიგნების სია დიდია – ლეგიონია მათი სახელი. ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ეგრე: გამოგეპარება რაღაცის წაკითხვის მომენტი და უკან მისაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობ. უფრო სწორად მიბრუნების ხალისსა და ძალას ვეღარ აღმოაჩენ. ფიქრობ, რომ ჩავლილი ამბავია.
მსგავს წიგნებს შორის არის „ულისე“, „წითელი და შავი“ „ღვთაებრივი კომედია“ „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტე ლამანჩელი“… ბევრია, ბევრი… და მათ შორის „დორიან გრეის პორტრეტი“. იოლი წარმოსადგენია, რამხელა სიმდიდრეა ხოლმე თაროზე და ჩვენ გულგრილად ჩავუვლით დღეში რამდენჯერმე დროის უქონლობის, ულევი საზრუნავისა და ათასი სადარდებლის გამო.
„დორიან გრეის პორტრეტი“ იდეათეკის თაროზე დევს და ამ წერილში სწორედ მის გადმოღებას გირჩევთ. კი, ეს ტექსტი მაღალი კლასის მოსწავლეების კლასიკის ჟანრის ჩამონათვალშია (ჩვენთან, როგორც წესი, კლასგარეშე საკითხავად აძლევდნენ ხოლმე მოსწავლეებს განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგების დროს), მაგრამ იმ თემების გააზრება თუ გადააზრება არასდროსაა გვიან, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭიროა და სასარგებლოა. მეტსაც გეტყვით, რაც უფრო გემატება წლები და სხეულიც კანონზომიერებას ემორჩილება, მით უფრო საამოა მისია წაკითხვა.
ამასწინათ ჩემმა მეგობარმა, შესაშური სილამაზის მქონე ადამიანმა, გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქარი გაეკეთებინა – ყოვლისმომცველი და თამამი ფოტოსესია. როცა ვკითხე, რატომ მოუვიდა აზრად მსგავსი რამ, გულწრფელად მიპასუხა, რომ დაიღალა, აღარ უნდა გაუძალიანდეს დროს, შევიდეს წინასწარ განწირულ ბრძოლაში. მისი სურვილია, რომ აღბეჭდოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ამ მომენტშია და მშვიდად განაგრძოს ცხოვრება, შეეგუოს [და შეიყვაროს კიდეც] საკუთარი ნაოჭები და ნერვაუშლელად შეხვდეს თმაში ყოველი მომდევნო ჭაღარის გამორევას. ამის სანაცვლოდ კი დატკბეს ყოველი მომდევნო დღით, იცხოვროს სავსე ცხოვრებით და ფეხდაფეხ მისდიოს მას.
გამიხარდა. ჩავეხუტე.
რამდენიმე დღის შემდეგ მისი მანქანის უკანა სავარძელზე ყოველდღიურ ნივთებს შორის ჩაკარგული „დორიან გრეის პორტრეტი“ შევნიშნე.
უფრო მეტად გამიხარდა, უფრო მეტად ჩავეხუტე.
და თუ რატომ, ამას წიგნის წაკითხვის ან/და გადაკითხვის შემდეგ მიხვდებით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი