დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დატა ცენტრებისთვის ელექტროენერგიაზე ცალკე ტარიფი არ არსებობს - დავით ნარმანია

დატა ცენტრებისთვის ელექტროენერგიაზე ცალკე ტარიფი არ არსებობს - დავით ნარმანია

11-07-2023 11:51:24

„დატა ცენტრებისთვის ან განსაკუთრებული სტატუსის მქონე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიაზე ცალკე ტარიფი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მედიასთან 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები, მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობისა და კომერციული სექტორის ნაწილში ძაბვის საფეხურების მიხედვით განსხვავდება.

„რამე შეღავათიანი ტარიფი ელექტროენერგიაზე არცერთ დატა ცენტრს არ ჰქონია. ერთად-ერთი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ნებისმიერი კომპანიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების (დღგ) გადასახადისგან. ესაა ერთად-ერთი შეღავათი, რომელიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედ ყველა კომპანიას ეხება.  დატა ცენტრები ელექტროენერგას საბაზრო ფასებში იღებენ, რაც ესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და შესაბამისად ყოველთვიურად არის განსხვავება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

გამოიწვია თუ არა დატა ცენტრების საქმიანობამ ელექტროენერგიის მომხმარების ზრდა? ამ კითხვაზე პასუხისას სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, ეკონომიკის ზრდის ადეკვატურია. 

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად იზრდება. ბოლო 10 წელიწადში საშუალოდ 4,5%-ით არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება, რაც საშუალო ეკონომიკური ზრდის ადეკვატურია. ასე რომ მაინინგს, ელექტროენერგიის განსაკუთრებული დიდი მომხმარების ზრდა არ გამოუწვევია. როგორც ევროპაში, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება“, - აღნიშნა ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებელი „ბი ეფ დი სის“ (bitfury-ს) ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. 

ესკოს 2021 წლის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ" მოიხმარა - 947.9 მლნ კვტ.სთ; მეორე ადგილზე კი 433.6 მლნ კვტ.სთ-ით სწორედ „ბი ეფ დი სია“. ეს კი პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 12,2%-ია. 2021 წლის განმავლობაში პირდაპირმა მომხმარებლებმა ჯამში 3554.5 მლნ (3.555 მლრდ) კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები