მრავალპროფილური სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა (მარქეთფლეისი) Profy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა, უცხოეთის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-თან Profy-ს გენერალურმა დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განაცხადა, Profy ამ დროისთვის საკუთარი სერვისების მიწოდებას თბილისსა და ბათუმში ახდენს და მალე ქვეყნის მსხვილი ქალაქების დაფარვასაც გეგმავს.
ამასთან, საწყის ეტაპზე Profy-ს მენეჯმენტი რეგიონის ქვეყნებზე აკეთებს გათვლას.
„პირველად გეგმაში შედის რეგიონული ექსპანსია. Profy-ის იდენტური პროდუქტი ამ ბაზრებზე არ არსებობს და შესაბამისად პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ ბუნებრივია, ცალ-ცალკე სხვადასხვა სერვისების ჭრილში კონკურენცია არსებობს“, - განმარტავს სოსო ჩხიკვაძე.
ამ დროისათვის Profy-ს სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, პლატფორმაზე მომხმარებელს რეალურად 2 000-მდე სერვისის მიღება შეუძლია.
„კომპანიას აქვს შემდეგი სერვისები: დალაგება, სანტექნიკა, უნივერსალური სამუშაოები, ელექტრობა, გათბობა/კონდენსირება, ავეჯის/ტექნიკის შეკეთება, ტანსაცმლისა და ავეჯის ქიმწმენდა, საკეტები… სულ ათამდე კატეგორიაა.
ყველაზე დიდი მოთხოვნა დალაგების სერვისზეა. შემდეგ მოდის სანტექნიკა, გათბობა/კონდენსირება, შემდეგ კი ელექტრობა.
„ჯერჯერობით მხოლოდ კერძო პირებს ვემსახურებით“, - აცხადებს სოსო ჩხიკვაძე.
კომპანიის მენეჯერის თქმით, Profy-ს სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და თვიდან თვემდე გამოძახებებს რაოდენობა იზრდება.
Profy-ში კადრები დარეგისტრირებამდე რამდენიმე საფეხურს გადიან.
„პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველთან მიმდინარეობს 3-4 საათიანი გასაუბრება და ხდება კადრების გადარჩევა.
მენეჯერები, ტექნიკური კითხვების საფუძველზე, ვერბალური გასაუბრებით არკვევენ კანდიდატის პროფესიონალიზმის დონეს. დალაგებისა ან ხელოსნობის სეგმენტში პირველადი გასაუბრების გავლის შემდეგ, გვაქვს სტაჟირების მიმართულებაც. შესაძლოა, დასაქმების მსურველები გავაყოლოთ დიასახლისებს ან სხვადასხვა კატეგორიის ხელოსნებს, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ.
ჩვენთან დასაქმების მსურველებს ვამოწმებთ ასევე ნასამართლობის კუთხით, რათა ჩვენი მომხმარებელი იყოს დაცული. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ვერიფიკაციის პროცესის გავლა და სერვისის მიმწოდებელი პლატფორმაზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
გვაქვს ასევე ჩვენი რეიტინგებისა და შეფასების სრულიად გამჭვირვალე სისტემა. ეს ინფორმაცია უფრო საინტერესოა მომხმარებლებისთვის, რათა მათ სერვისის შეთავაზებისას გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეთ“, - ამბობს Profy-ს გენერალური დირექტორი.
სოსო ჩხიკვაძე კადრების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კვალიფიციურ კადრებს მუდმივად ეძებენ.
„ბოლო პერიოდში მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, რადგანაც სწორი კადრების შერჩევას დიდ რესურსი სჭირდება. დღეის მდგომარეობით კომპანიაში დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს Profy-ს ხელმძღვანელი.
ამ დროისათვის Profy თავის მოვლის სერვისის დამატებაზე მუშაობს და თმისა და ფრჩხილების მოვლისა და მაკიაჟის პროფესიონალებს აქტიურად ეძებს.
„თავის მოვლის სერვისის დამატებაზე ერთი თვეა ვმუშაობთ და ამ კატეგორიისთვის საჭირო კადრების რეგისტრირების პროცესში არანაკლებ სირთულეებს წავაწყდით.
კადრების პოვნა რთულია, თუმცა მომხმარებელს ახალ სერვისს მალევე მივაწვდით“, - ამბობს სოსო ჩხიკვაძე. თავის მოვლის სერვისების დამატების შემდეგ Profy მებაღეობისა და აუზის მოვლის სერვისის განვითარებას გეგმავს.
უახლესი