შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენი ქვეყნის დივერსიფიცირებისთვისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე ეს პროექტი არის ინვესტიციების უპირველესი გამააქტიურებელი, იმიტომ რომ ქვეყანას ექნება ევროპასთან, ამ მსყიდველუნარიან ბაზართან დამატებით 1200-1300 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ეს ფაქტორი ენერგეტიკის სექტორში გარე და შიდა ინვესტორების გააქტიურებას გამოიწვევს.
„პროექტის განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, რომ დაახლოებით ორ თვეში მივიღოთ მიზანშეწონილობის კვლევის/feasibility study საბოლოო ვერსია და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში, ერთი თვის წინ შედგა შეხვედრა რუმინეთში, სადაც 4-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების დოკუმენტს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ.
შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.
მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.
უახლესი