დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი საწარმო ლიდერია კავკასიის რეგიონში - Biotecsi საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე

ჩვენი საწარმო ლიდერია კავკასიის რეგიონში - Biotecsi საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე

28-03-2025 08:28:00

ვეტერინარული პრეპარატების მწარმოებელი კომპანია ბიოტეკსი • Biotecsi, რომელიც კავკასიის რეგიონში ბაზრის ლიდერია, მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის  საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insder Georgia “ბიოტეკსის“ დირექტორს, ნიკოლოზ ზაზაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვანი და ფართო ასორტიმენტი  33 წლიანი გამოცდილებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი საწარმო ლიდერია კავკასიის რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება ფარმაცევტული საქმიანობაა.
ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის ვეტერინარული დანიშნულების მედიკამენტებს, ასევე ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

გარდა მაგისა, გვაქვს სადეზინფექციო, სადეზინფექციო და სადერატიზაციო საშუალებების საწარმოო მიმართულებაც. წარმოებული პროდუქციის ასეთი მრავალფეროვანი და ფართო ასორტიმენტი ჩვენი 33 წლიანი გამოცდილებისა და დაუღალავი შრომის შედეგია.


როგორია კომპანიის ასორტიმენტი?

დღეისათვის „ბიოტეკსი“ 150-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და თითქმის ყველაში დევს, რაღაც განსაკუთრებული, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს ბაზარზე არსებული ანალოგებისაგან.

ჩვენთვის მართლაც საამაყო ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენი დიდი განაცხადია ვეტერინარიის სფეროში, მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატების წარმოება და მის ბაზაზე ახალი უნიკალური თერაპიული საშუალებებისა და საკვებდანამატების წარმოება.

ჩვენი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის „BrTRC”-ის უშუალო ჩართულობით, ლაბორატორიული და კლინიკური კვლევა-ძიების საფუძველზე, მიმდინარეობს პირველად საქართველოში სისხლის შემცვლელი პრეპარატის წარმოების ტექნოლოგიის დანერგვა, ჯერ ქართული ბაზრისთვის, ხოლო დიდი პერსპექტივით საექსპორტო ბაზარზე გასატანად, რადგან მსოფლიო ბაზარზეც მეტად იშვიათი პროდუქტია.

გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და საწარმოო ტექნოლოგიური ხაზებით.

ასევე, გვყავს საუკეთესო პერსონალი - ქიმიკოსების, ბიოლოგებისა და ფარმაცევტების სახით, მცირე, მაგრამ საკმაოდ აქტიურ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად. სწორედ ასეთი სრულფასოვანი ბაზა უდევს საფუძვლად ჩვენს ყოველწლიურად მუდმივ განვითარებას.


როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ჩვენი პროდუქცია სპეციფიკურია და მისი საჭიროებაცა და მოთხოვნაც, შესაბამისად, არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობიდან მომდინარეობს, ცხოველთა ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა, კეთილდღეობა და სხვა.

ჩვენ ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას და ვქმნით პროდუქტს, რომელიც მოთხოვნადია.


რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნევთ მუდმივ ინოვაციურობას, პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და წლების განმავლობაში შეძენილ ლოიალურ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას.


როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სამომავლო გეგმებშია ადგილობრივი მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება ვეტერინარული მედიკამენტების სრული სპექტრით, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრების ათვისება და ჩვენი ინოვაციური პროდუქტების დამკვიდრება გარე ბაზარზე.

„ბიოტეკსი“ დღეს დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რადგან უმოკლეს ხანში უნდა დანერგოს „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ ანუ GMP-ის სტანდარტი, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საექსპორტო ბაზრების ათვისებას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია „ბიოტეკსის“ შემდგომი სტაბილური განვითარებისათვის.

ცნობისთვის, „ბიოტეკსი“ 1991 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს საქმიანობის შესაბამისობას გლობალურ მოთხოვნებთან.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები