სოფელ მარტყოფში მდებარე კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ ადგილობრივ ბაზარზე 2021 წელიდან ოპერირებს. კომპანიამ გარჩეული კაკალი დუბაისა და გალფის ქვეყნებში გაიტანა, ახლა კი, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანი ქევხიშვილი ამბობს, მათი მთავარი სამიზნე ევროკავშირის ბაზარია.
„ექსპორტზე გავედით დუბაიში. ერთი კონტეინერი - 20 ტონა გავიტანეთ. გალფის ქვეყნების ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა. იქ უკვე გვყავს პარტნიორი. მიიღეს ჩვენი ნედლეული და გვქონდა ძალიან დადებითი გამოხმაურება. ხარისხითა და ფასით შევძელით ამ ბაზარზე დამკვიდრება. ვცდილობთ მაღალი საფასო სეგმენტი დავიკავოთ. ჩვენი სამიზნე ბაზარი არის ევროკავშირი. გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან და მოლოდინი, რომ 2023 წლის სეზონზე, პროდუქციას ამ ბაზარზეც გავიტანთ“, - ამბობს ანი ქევხიშვილი.
„ანიგოზი“ ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და უპირატესობას კომერციული ბაღების პროდუქტს და ჩენდლერის ჯიშის კაკალს ანიჭებს.
„2022 წლის მოსავალი მეორე იყო ჩვენი საწარმოსთვის. 2021 წელს მივიღეთ პირველი მოსავალი და 2022 წლის სეზონს უფრო თვითდაჯერებულები შევხვდით. ზრდის დინამიკა იყო დადებითი. გადავამუშავეთ 450 ტონა ადგილობრივი ნედლეული, ახლა განვაგრძობთ ტეხვის პროცესს. საწარმო ორი მიმართულებით მუშაობს: ფერმერებისგან ვიბარებთ სველ მდგომარეობაში ახალ დაკრეფილ კაკალს. Მეორე მიმართულებაა მშრალი კაკალი, რომელიც ინდუსტრიულადაა გამშრალი, სპეციალური მაჩვენებლების გათვალისწინებით. ახალი სეზონის დაწყებამდე 500 ტონას გადავამუშავებთ. ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან პირველ წელს 150 ტონა გადავამუშავეთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია „ანიგოზში“ 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სატეხი საამქროს გაფართოებას გეგმავს და შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზრდება.
უახლესი