დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი, მაღალი ხარისხის ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდება და მსოფლიო კონკურენციაში ჩართულობა - Schuchmann Wines

ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი, მაღალი ხარისხის ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდება და მსოფლიო კონკურენციაში ჩართულობა - Schuchmann Wines

27-08-2024 19:00:00

Schuchmann Wines-ი წელს საკუთარი ვენახებიდან უფრო მეტი მოსავლის მოლოდინშია. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, მაღალი მოსავლის ფონზე კომპანია წელს მცირე რაოდენობით ყურძენს, მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან ჩაიბარებს და ისიც ისეთი ჯიშის ყურძენს, რომელიც კახეთის მიკროზონაში არ არის. 

„რაც შეეხება „რთველი 2024“-ს ჩვენთან უკვე გახსნილია და 22 აგვისტოს დავიწყეთ მოსავლის აღების სამუშაოები. პირველად ვიღებთ შარდონეს, ეს არის ძალიან საინტერესო ფრანგული ჯიშის ყურძენი. ჩვენს ვენახებში დაახლოებით 5%-ი უჭირავს საერთაშორისო ჯიშის ყურძნებს, ხოლო აგვისტოს ბოლოდან უკვე გადავდივართ ჩვენი ენდემური ჯიშის ყურძნის კრეფაზე. დაახლოებით 28 აგვისტოდან ვიწყებთ უშუალოდ რთველს. წლევანდელი წელი ამ ეტაპისთვის ძალიან კარგად გამოიყურება და გვაქვს საკმაოდ კარგი წინასწარი მონაცემები, რაც არის იმისი გარანტია, რომ 2024 წელს გვექნება ახალი და მაღალი ხარისხის ღვინოები. წელს რაოდენობრივადაც ყურძნის მოსავალი საკმაოდ გაზრდილია. იმედია გაქვს, რომ წლევანდელი რთველი ჩაივლის კარგად და საკმაოდ ბარაქიანი მოსავალი იქნება მთელს კახეთში. როდესაც კახეთში რთველი სრულდება, რთველი იწყება დასავლეთში, სადაც შევისყიდით იმ ჯიშის ყურძნის ჯიშებს, რომელიც არის ჩვენს პორტფელში და იმ ჯიშებს, რომელიც არ მოდის კახეთში.

კახეთში ჩვენ ჩვენი ვენახები გვაქვს და არ ვართ ყურძნის შემსყიდველები. კახეთში დაახლოებით 150 ჰა ვენახი გვაქვს, საიდანაც წელს 800-დან 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით. ეს მაჩვენებელი კი გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია, რადგანაც გასულ წელს ცუდი მოსავალი გვქონდა. ზაფხულის დასაწყისიდან იყო მაღალი გვალვა, ხოლო შემდგომ სეტყვა. აქედან გამომდინარე ყურძნის მოსავალი გვქონდა ნაკლები და ღვინოც დაგეგმილ რაოდენობაზე ცოტა ვაწარმოვეთ.

თუმცა, როცა მოსავალი ნაკლებია ჩვენ ჩვენს პორტფელს მაქსიმალურად ვავსებთ, რათა გვქონდეს წარმოების უწყვეტი ციკლი და მოვახდინოთ ასევე ბაზარზე უწყვეტი მიწოდება. ამიტომ შარშან, რაღაც რაოდენობის ყურძენი ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან შევიძინეთ. თუმცა წელს მინიმალური რაოდენობის ყურძნის მიღებას ვაპირებთ და ისიც დასავლეთ საქართველოდან“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, Schuchmann Wines-ის ღვინოებისთვის მთავარი გასაღების ბაზარი აზიის და ევროპის ქვეყნებია და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებია. 

„რაც შეეხება ბაზრებს, ბაზრების იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება. ჩვენი მიზანია სარისკო ბაზრებზე ჩვენი წილის მინიმიზაცია, აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ძირითადად აზიის მიმართულებით, სადაც ძალიან დიდი პრობლემები შეინიშნება. აზიას ჰქონდა საკმაოდ რთული პოსტკოვიდური აღდგენის პროცესი, რამაც საკმაოდ ბევრი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები გამოიწვია. აქედან გამომდინარე თუ სტატისტიკას შევხედავთ ქართული ღვინის წილი, ასევე მსოფლიო ღვინის წილიც, კონკრეტულად ჩინეთს ვგულისხმობ, არის შემცირებული. ეს აიხსნება მათი ეკონომიკური კრიზისით. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი და მაღალ მსყიდველუნარიანი ბაზრები კრიზისს დაძლევენ და მზად იქნებიან ქართულ ღვინოში გადაიხადო ის ფასი, რა ფასიც აქვს ჩვენს ღვინოს. ჩვენი ღვინოები არის საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში, რასაც ზურგს უმაგრებს მაღალი ხარისხი. აქედან გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი - მაღალი ხარისხის ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდება და მსოფლიო კონკურენციაში ჩართულობა. 

ჩვენი ღვინოებისთვის ტოპ-ბაზრები არის ისევ და ისევ აზია, ევროპა და აშშ“, - აცხადებს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები