როგორ ვითარდება ფინ-ტექ კომპანია Keepz-ი და რა სიახლეებს გეგმავს, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia Keepz-ის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი მარიამიძეს ესაუბრა:
ცნობილია, რომ Keepz-ი პირველი ფინ-ტექ კომპანიაა, რომელმაც მიიღო ღია ბანკინგის ლიცენზია და ოპერაციების განხორციელებაც დაიწყო. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?
პირველ რიგში, ნამდვილად დასაფასებელია ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის როლი, რადგან სწორედ მათ გახადეს შესაძლებელი ღია ბანკინგი საქართველოში. ვფიქრობ, ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად შეცვლის გადახდების სფეროს და მოხარული ვარ, რომ keepz არის ამ პროცესში მოწინავე კომპანია.
ღია ბანკინგის ლიცენზიის მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო საკმაოდ შრომატევადი პროცესი. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა უსაფრთხოების ნორმებზე, რაც ბუნებრივიცაა, რადგან საქმე ეხება ფინანსებს. დავაკმაყოფილეთ საკმაოდ დეტალურად და სიღრმისეულად გაწერილი საოპერაციო მოთხოვნები, შევქმენით რისკ მენეჯმენტის ჩარჩო, გავიარეთ შეღწევადობის ტესტები.
მოკლედ, ლიცენზირების პროცესი მოიცავდა ყველაფერს საიმისოდ, რომ ეროვნული ბანკი დარწმუნებულიყო სისტემის უსაფრთხოებაში. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად არის დაცული, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით. თანაც, ასე ვთქვათ, არსებობს დაცვის ორი ხაზი, ერთი keepz და მეორე მომხმარებლის ბანკი. ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ keepz -ით ღია ბანკინგის გამოყენებისას, მომხმარებელი უფრო მეტადაც კი არის დაცული, ვიდრე პირდაპირ ბანკის აპლიკაციის გამოყენებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირების პროცესში მოგვიწია საკმაოდ მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება, კარგია, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნები თავიდანვე ნათლად იყო ცნობილი. ამან მოგვცა საშუალება, რომ სწორად დაგვეგეგმა პროცესები, ვადები და შედეგად, ლიცენზიის მიღებიდან ზუსტად ერთ თვეში, შევძელით პირველი გადახდების მიღება.
რა არის ღია ბანკინგის ოპერაციების უპირატესობა?
გადახდების ბაზარზე ღია ბანკინგის მთავარი უპირატესობები გადახდის გამარტივებული პროცესი, დაბალი რისკები და დაბალი ხარჯებია. ამის საშუალებას იძლევა ის, რომ ღია ბანკინგით გადახდაში არ არის ჩართული ძალიან ბევრი შუამავალი, რომლებიც მონაწილეობენ გადახდის სხვა მეთოდებში, მაგალითად ბარათით გადახდისას.
ვინ სარგებლობს ძირითადად ღია ბანკინგის ოპერაციებით და თქვენი კომპანიის მაგალითზე როგორია მოთხოვნა?
ღია ბანკინგით გადახდით ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან ისეთი კომპანიები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ტრანზაქციის ხარჯების შემცირება. დაინტერესება საკმაოდ დიდია, თითქმის, ყველა სექტორიდან.
გამოწვევაა, რა თქმა უნდა, გადამხდელების მიჩვევა გადახდის ამ ახალ მეთოდზე, თუმცა, ქართველები, როგორც წესი, სწრაფად ითვისებენ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რაც მარტივად ჩანს მობილური ბანკის გამოყენების სტატისტიკიდანაც.
საქართველოში უკვე არის მობილური ბანკის 2 მილიონი მომხმარებელი და საფინანსო სექტორში ტრანზაქციების 95% ციფრული არხებით ხორციელდება. გვჯერა, რომ ღია ბანკინგის პროდუქტის ათვისებაც სწრაფად მოხდება.
კიდევ რა სერვისები აქვს Keepz-ს და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა საფინანსო ბაზარზე? ძირითადად ვინ არიან თქვენი სერვისის მომხმარებლები?
- ღია ბანკინგის გარდა, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ გადახდის ყველა სხვა არხს, როგორიცაა: Apple Pay, Google Pay, ბარათი და ციფრული ვალუტები.
მსხვილი კორპორაციებისგან განსხვავებით, Keepz ბევრად უფრო მოქნილი კომპანიაა, ჩვენ სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და, ფაქტობრივად, ყველა ჩვენი კლიენტი არის „VIP კლიენტი“. ვითვალისწინებთ მათ სურვილებს და ჩვენი სერვისები მათ მოთხოვნებთან ძალიან სწრაფად ადაპტირდება.
რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წლის ბოლომდე და 2025 წელს?
მომავალში ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას, როგორებიცაა, მაგალითად, ციფრული პოს ტერმინალი და მობილური საფულე, კიდევ უფრო გავაიაფებთ ჩვენს პროდუქტებს და გავამარტივებთ არსებულ პროდუქტებზე გადახდის პროცესს (user experience-ს).
უახლესი