ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ბიოდიზელის წარმოება გაიზარდოს და ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს - „ბიოდიზელ ჯორჯია“-ს დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში ახალ პროექტ Green Hub-ს ახორციელებს. კომპანიამ ვაზიანის ტერიტორიაზე ლილოს მიმდებარედ 1 ჰა მიწა კერძო პირებისგან უკვე იყიდა, სადაც 3-4 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ბიოდიზელ ჯორჯია“-ს დირექტორი ამბობს, მაისში საბოლოოდ სრულდება დოკუმენტბრუნვის საკითხი, ხოლო პროექტზე ბოლო შეთანხმებები აგვისტომდე დასრულდება.
„შემდეგ დაიწყება შემოღობვა და მიწისქვეშა სამუშაოები, რაც უკავშირდება წყალარინების სისტემებსა და ცხიმდამჭერებს. შესაძლოა, პროექტი მცირედით დაკორექტირდეს და 2025 წელს დასრულდეს“, - ამბობს მურმან პატარაია.
ამ დროისთვის კომპანიის კუთვნილი საწარმო თვეში 100-150 მეტრულ ტონა ნარჩენს ამუშავებს. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ახალი სიმძლავრის გაშვების შემდეგ წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ თვეში შესაძლებელი იქნება 3 ათასი მეტრული ტონა ნარჩენის დამუშავება. ჩვენ ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებული და ბიოდიზელის ძალიან მცირე რაოდენობა იყიდება საქართველოში. საწარმოს სიმძლავრიდან გამომდინარე ნედლეულის ნაწილი საქართველოში მუშავდება, ხოლო ნაწილი კი იგზავნება და ჩვენი პარტნიორები კომპანიები ახორციელებენ საბოლოო დამუშავებას. მიმღები პარტნიორები გვყავს ესპანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში. საბოლოოდ, როცა ჩვენი საწარმო გაეშვება, აქ მთელი იდეა ისაა, რომ ადგილზე შეგროვილი და შემოტანილი ნედლეული ერთიანად დამუშავდეს საქართველოში“, - ამბობს მურმან პატარაია.
კომპანია პროექტს უფრო რეგიონალური მასშტაბით უყურებს, რათა ზეთის შემოტანა და შემდეგ აქ, თანამედროვე საწარმოში გადამუშავება მოხდეს..
„ვეყნის მასშტაბით 200 ტონამდე ნედლეულს ვაგროვებთ, რაც ბევრი არ არის. ამ კუთხით უკვე გვაქვს მცირე ნაბიჯები და ჩვენი პარტნიორი შემგროვებელი კომპანია უკვე ოპერირებს სომხეთში. შემგროვებლები გვყავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ჩინეთშიც“.
"ბიოდიზელი ჯორჯია", ბიოდიზელს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან აწარმოებს, საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.
უახლესი