თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეითავსა და სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ გარდაიქმნა, რომელიც დღეს „კიკეთის ფერმის“ სახელითაა ცნობილი.
კიკეთის ფერმას გამორჩეულს ხდის მისი მულტიფუნქციურობა. ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს: მარანი, თავლა, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, კაფე, სხვადასხვა დანიშნულების სათბურები, აბანო და საზღვაო კონტეინერისგან შეკრული სასტუმრო.
ფერმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეებს და მათ მოვლას, ტურისტული კომპლექსის სივრცეებში შეხვდებით იშვიათი ნივთების კოლექციას, ასევე, ევროპული სტილის XIX-XX საუკუნეების ღუმელებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი ესთეტიკით, ფორმისა და მასალის მრავალფეროვნებით.
როგორც ტურისტული კომპლექსის კომუნიკაციების მენეჯერი ლიზა მეფარიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, სექტორში ერთ-ერთი გამოწვევა საზოგადოებაში ქალაქგარეთ დასვენების კულტურის პოპულარიზაციაა, რა მიმართულებითაც ,,კიკეთის ფერმამ“ ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი და უნიკალური ტურისტული პროექტებით ბაზარზე ახალი ნიშა დაამკვიდრა.
საინტერესოა, რომ კიკეთის ფერმის დამფუძნებლებმა ერთიანი ხედვითა და კონცეფციით სხვადასხვა თაობის, პროფესიისა და ნიჭის მქონე ადამიანები გააერთიანეს.
,,ფერმის თითოეულ ობიექტს თავისი მმართველი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთთან სინერგიით ქვეყანაში ქმნიან განსაკუთრებულ პლატფორმას, სადაც ერთდროულადაა შესაძლებელი დასვენება, გართობა და შემეცნება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების გაცნობა.
კიკეთის ფერმისთვის, როგორც ერთიანი კომპლექსისთვის, 2023 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, თითოეული ობიექტი აქტიურად დაიტვირთა, შესაბამისად, სტუმართან ინტერაქცია სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში და სერვისების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა.
ჩვენი მთავარი გამოწვევა ალბათ საზოგადოებაში ქალაქგარეთ დასვენების კულტურის პოპულარიზაციაა. ჩვენი მიზანია, აუდიტორიას გავაცნოთ როგორც კიკეთის ფერმა, ისე მისი შემოგარენი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
გარდა ამისა, კიკეთის ფერმის სიახლოვეს დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ალგეთის ხეობაზე, ასურეთსა და ბოლნისზე.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ კიკეთის ფერმა მიმზიდველი იყოს ოთხივე სეზონზე. კიკეთის ფერმა პარალელურად ვითარდება, ტერიტორიაზე ნელ-ნელა იკვეთება ახალი ობიექტები (გალერეა, რესტორანი), გრძელდება მუშაობა ოდა სახლების სასტუმრო კომპლექსზე, რომელიც გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით, ლანდშაფტთან შეხამებით, არქიტექტურით, ტბებითა და ჩანჩქერით“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან.
კიკეთის ფერმა ღიაა ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრისთვის. აღსანიშნავია მისი საგანმანათლებლო კომპონენტი, რასაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა.
,,ჩვენს შემეცნებით-საგანმანათლებლო სივრცეში მოწყობილია იმიტირებული არქეოლოგიური ველი ღია ცის ქვეშ, სადაც ბავშვები არქეოლოგიის შესახებ იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ასევე, შესაძლებელია მონაწილეობა მრავალფეროვან შემეცნებით მასტერკლასებში, ბუნებაზე და მის ბინადრებზე დაკვირვება, სკოლიდან გასვლითი გაკვეთილების ჩატარება ისეთ საგნებზე როგორიცაა: ბუნებისმეტყველება, ისტორია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ხელოვნება და სხვა. გარდა ამისა, კიკეთის ფერმა სტუმარს სთავაზობს ნატურალური ღვინის დაგემოვნებას, ჯირითის შესწავლასა და საცხენოსნო ლაშქრობებში მონაწილეობას, სხვადასხვა სახეობის ვარდის ნერგების შეძენას, დაორთქვლის თერაპიებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია ფერმის კაფე, რომელიც გასული საუკუნის სათბურშია მოწყობილი. კაფეს ტერასიდან ხედი პირდაპირ საცხენოსნო მოედანზე იშლება, რაც ერთგვარ სანახაობას სთავაზობს სტუმარს. კაფე ვიზიტორებს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე აზიურ კერძებს ქართული ელემენტებით. სამზარეულოს ხელმძღვანელობს საქართველოსა და ავსტრიაში მოღვაწე შეფმზარეული ნონა პირველი. კიკეთის ფერმა მზადაა უმასპინძლოს კორპორატიულ ღონისძიებებს, სადღესასწაულო წვეულებებს, მუსიკალურ საღამოებს, წიგნის პრეზენტაციებს და სხვა საინტერესო ღონისძიებებს.
უახლესი