სულ რამდენიმე თვეში ,,ღვინის ბირჟას“ საქმიანობის 2 წელი შეუსრულდება. ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცე Wine Exchange/ღვინის ბირჟა გაფართოებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის მზადაა.
მიზანი კი, რისთვისაც შეიქმნა, გაამართლა. პროექტის ავტორების იდეა იყო, ღვინის კულტის შემდეგ ქვეყანაში განსაკუთრებული აქცენტი ღვინის სმის კულტურაზე გაკეთებინათ, შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად მიღწეულია.
,,ღვინის ბირჟის" დირექტორი ლიზა გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ მოთხოვნა მკვეთრად მატულობს როგორც სემინარების, ასევე დეგუსტაციების კუთხით და მონაწილეთა შორის ბევრი ღონისძიებებს უკვე რეგულარულად ესწრება.
„თავიდან, როდესაც ,,ღვინის ბირჟა“ ყალიბდებოდა, გვამოძრავებდა იდეა, რომ ღვინის სმის კულტურის ჩამოყალიბებისთვის ხელი შეგვეწყო. მიდგომამ გაამართლა და ბაზარზე პოზიტიური ცვლილება ნამდვილად გაჩნდა, რაშიც სოლიდური წვლილი გვაქვს შეტანილი.
ბირჟის კონცეფციაა, ამ კონკრეტული ადგილიდან რაც შეიძლება, ბევრი ღვინო შესთავაზონ მომხმარებლებსა და ბაზრის მოთამაშეებს.
„ბირჟაზე“ წარმოდგენილია მხოლოდ ხარისხიანი ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური. ადგილობრივი პროდუქტის შემთხვევაში, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ ყველა ჯიშისა და წარმოშობის ღვინო, რომელსაც მცირე მარნები თუ მსხვილი კომპანიები აწარმოებენ. ის, ვინც თვეში ერთხელ მოდიოდა, დღეს უკვე რეგულარული მომხმარებელია, იმდენად მიიღეს და შეისისხლხორცეს ჩვენი სერვისები, საკმაოდ დიდი ინტერესია“, - ამბობს ლიზი გრიგალაშვილი.
„ღვინის ბირჟის“ საქმიანობა სემინარებისა და დეგუსტაციების საკმაოდ დიდ რაოდენობას ითვლის. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, დეგუსტაციები კვირაში ერთხელ, სემინარები კი თვეში ორ-სამჯერ მაინც ტარდება და მონაწილეები ყოველთვის აქტიური დიდ ინტერესს იჩენენ.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოცდილი სომალიესგან მიიღოს ამომწურავი პასუხი, როგორ უნდა შეირჩეს ღვინო, ასევე სმის უნარ-ჩვევებსა და ყველა საინტერესო კითხვაზე.
„ღვინის ბირჟა“ 2022 წლის თებერვალში დაფუძნდა. ყურადღებას იქცევს ,,ღვინის ბირჟის" ტალღისებური ლოგო, როგორც ფასის ცვლილების სიმბოლო, რაც ბრენდის სახელწოდების ნაწილთან - ბირჟასთან ასოცირდება.
„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. დასაქმებულია 12 ადამიანი.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია